WSJ: თბილისში "ტრამპ თაუერი" აშენდება, რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება
თბილისში “ტრამპ თაუერი” აშენდება
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორები საქართველოს დედაქალაქში “ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავენ, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
WSJ პროექტში ჩართული მხარეების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია დაახლოებით 70-სართულიან კომპლექსზე, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო არქიტექტურულ ობიექტად შეიძლება იქცეს. ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.
პროექტის დიზაინი, გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო არქიტექტურულ ფირმა Gensler-ს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოში მასშტაბური ურბანული და კომერციული პროექტებით არის ცნობილი.
პროექტის გარშემო ფორმირებული კონსორციუმი, WSJ-ის ცნობით, რამდენიმე ქართულ და საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის “არქი ჯგუფსა“ და “ბიოგრაფი ლივინგს“. პროცესში ასევე ჩართულია ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია და ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი პარტნიორი Sapir, რაც მიანიშნებს, რომ პროექტი ერთდროულად ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ინტერესების გადაკვეთაზეა აგებული.
დონალდ ტრამპის ვაჟის, ერიკ ტრამპის თქმით, თბილისის პროექტის მიზანია, კომპანიის “გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი“ რეგიონშიც გავრცელდეს.
“არქი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, მას აქვს 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ბინა.
თბილისის პროექტი ახალი ინიციატივა არ არის. ტრამპის ბრენდის საქართველოში შემოსვლის იდეა 2012 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ორგანიზაციამ ბათუმში უძრავი ქონების პროექტის გეგმები წარმოადგინა. იმ პერიოდში პრეზენტაციას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტრამპი ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, ეს გეგმები აღარ განხორციელდა. ტრამპის ორგანიზაციამ ბათუმის პროექტი, სხვა საერთაშორისო ინიციატივებთან ერთად, გააუქმა. მიზეზად თავად დონალდ ტრამპმა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება დაასახელა.

2017 წელს ბათუმის იდეა ნაწილობრივ კვლავ დაბრუნდა, როდესაც Silk Road Group-მა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა განაცხადეს, რომ ქალაქში 250-მილიონიანი ცათამბჯენის დაფინანსებას თავად გეგმავდნენ, რომელიც “ტრამპ თაუერის” ბრენდით უნდა გახსნილიყო. მიუხედავად ამისა, პროექტის გარშემო არსებული დინამიკა საბოლოოდ კვლავ შეფერხდა და ის სრულად არ განხორციელდა.
კომენტარი

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი საბა ბუაძე: “სულ მალე, “ტრამპ იპოდრომი” არქისაგან. შარშან კობახიძე რომ ამბობდა “ტრამპი როგორც იტყვის ისე იქნებაო”, თურმე ამას გულისხმობდა.
ანუ 80 ათას კვადრატულ მეტრზე ტყე თუ გაიჩეხება და შვიდი 70 სართულიანი ცათამბჯენი თუ აშენდება ეგ არაა პრობლემა, მთავარია რომ პროექტს ტრამპის სახელს დაარქმევს ის ძალა, რომელიც სუვერენიტეტს და ეროვნულ თვითმყოფადობას “იცავს”.