მოსაზრება: რუსეთი აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მონაწილე ხდება
გაზიარება
გაზიარება
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის კურატორის, სერგეი კირიენკოს ბოლო ინტერვიუ, რომელშიც მან გააანალიზა რუსეთ-აფხაზეთის ამჟამინდელი ურთიერთობები და სოხუმში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, აფხაზურ სოციალურ მედიაში ცხარე განხილვის საგანი გახდა.
კირიენკოს ინტერვიუს შესახებ შთაბეჭდილებები თავის ბლოგზე ცნობილმა აფხაზმა რეჟისორმა და პუბლიცისტმა, თენგიზ ჯოპუამაც გააზიარა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი შეშფოთებულია რუსეთის აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესში პირდაპირი მონაწილეობით, ის ასევე თვლის, რომ კირიენკოს შეუძლია კომპრომისის მიღწევაში დახმარება.
თენგიზ ჯოპუა:
“სერგეი კირიენკო ძალიან დახვეწილი პოლიტიკოსია და ძალიან ოსტატურად ალაგებს დიალოგს, მოხდენილად იცილებს მკვეთრ კითხვებს და აფხაზების აღშფოთება ჩიხში შეჰყავს. უფრო მეტიც, მისი არგუმენტები მარტივი და გასაგებია ჩვეულებრივი ადამიანისთვის.
როგორც ხელმძღვანელი, ის, რა თქმა უნდა, ჯობია წინამორბედებს – ბევრი რამე ესმის და ბევრს გრძნობს. როგორც პოლიტიკოსი, ის ჩვენზე ბევრად მაღლა დგას; აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას არ შეუძლია მასთან წინააღმდეგობა.
მაგრამ აი, რა არ მომწონს მთელ ამ სიტუაციაში: რუსეთი ხდება აფხაზეთში პოლიტიკური პროცესის მონაწილე.
ადრე ის დაპირისპირების მაღლა იდგა, ახლა კი მის შიგნითაა. ეს აუფასურებს მის შესაძლებლობას, დაასტაბილუროს კრიზისი და ოპოზიციის თვალში ნეგატიურ იმიჯს ქმნის.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარმა არ მისცა ხმა მოსკოვის ფავორიტს, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი შეითვისებს და დააგროვებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. რადგან ისინი არ გრძნობენ პატივისცემას. უფრო ზუსტად, მოსახლეობის ნახევრის მიმართ პატივისცემა არსებობს, მაგრამ მეორე ნახევრისთვის – არა. მთელი ლოგიკა ამაშია.
მაგრამ, საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, კირიენკო უკეთესი, უფრო ღია და კონსტრუქციულია, ვიდრე მისი წინამორბედები. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ის ჩვენს პრობლემებს ჩვენზე უკეთ იცნობდა. შესაძლოა, ეს სიმართლეც იყოს.
მაგრამ კირიენკოს ერთი სუსტი წერტილი აქვს და ეს არის აფხაზეთი. ეს არის არასტაბილური და ძნელად სამართავი რეგიონი, გაურკვეველი პოლიტიკური რეალობა, რომელიც დაქუცმაცებულია ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტებით, ელიტების და თუნდაც “შემოწმებული და დამტკიცებული პერსონალის“ მიმართ დაბალი ნდობით.
მე ვუსმენდი კირიენკოს და ვფიქრობდი, რომ ის არ იყო რუსი ჩინოვნიკი აფხაზეთში, არამედ ჩვენი კაცი მოსკოვში. ჩვენს ელიტას შეეძლო მასთან მოლაპარაკება და მისი დახმარება, მას კი შეეძლო ჩვენი დახმარება. ჩვენი ქცევა შეიძლება ბევრს არ განსაზღვრავდეს, მაგრამ ის ნამდვილად განსაზღვრავს რაღაცას.
კონფრონტაციის ესკალაციის ნაცვლად, შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუმცა, ყველას უნდა ვესაუბროთ. კირიენკოს შეუძლია ყველა ერთ მაგიდასთან დასვას; მთავარია, რომ ჩვენი ხალხი საკმარისად ჭკვიანი იყოს, რომ მოუსმინოს მას, გამოკვეთოს წითელი ხაზები, დაალაგოს დღის წესრიგი და დასახოს განხორციელების გეგმები.
ჩვენ გვჭირდება კომპრომისი, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას: საარჩევნო პროცესში ჩარევის გარეშე, არცერთი მხარისთვის პრივილეგიების გარეშე, აფხაზი ოპოზიციონერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების, სკანდალების ან აფხაზეთში ანტირუსული ელემენტების ძებნის გარეშე.
ეს გონივრული იქნებოდა აფხაზეთის ინტერესებისთვის და სასარგებლო თავად კურატორისთვის. ბოლოს და ბოლოს, კრემლშიც ყველაფერი ვარდისფერი არ არის. იქ ბევრი პრობლემაა, აფხაზეთის გარეშეც კი. მაშ, რატომ უნდა გავურთულოთ ერთმანეთს საქმე?”