ჰერჩინსკი: უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან - საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო
ჰერჩინსკი ევროინტეგრაციაზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან – საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო. მისივე თქმით, მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო ზეწოლას განიცდის.
კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მისი მოვალეობაა, “ღია კომუნიკაციის არხები” ყველასთან ჰქონდეს. ასევე, ელჩმა უპასუხა შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების გაცხადებასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არა მათ, არამედ ევროკავშირმა შეაჩერა“. მისი თქმით, სწორედ საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.
ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები წინა ანგარიშთან დაკავშირებით და პასუხიც მიიღო, რომელიც, დამაკმაყოფილებელი არ არის.

პაველ ჰერჩინსკი: “როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. უკრაინის შემთხვევაში ეს სასტიკი აგრესიული ომის მიუხედავად ხდება. უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიას უპირისპირდება და ასევე, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე რეფორმებს გადის.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ კურსს მხარი დაუჭირეს. ორივე, უკრაინაც და მოლდოვაც გზაზე დგანან, რომ ევროკავშირის წევრები მალე გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო რამეს ვხედავთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ. ჩვენ ასევე კონტაქტში ვართ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგაოდებასთან… ეს ნათელია ზუსტად ერთი კვირის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშიდან. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ანგარიში დამანგრეველია. ანგარიშში ნათლად არის ნათქვამი, რომ ახლა საქართველო ევროკავშირისგან უფრო შორს არის, ვიდრე ორი წლის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ კურსი შეცვალოს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა 2022 წლის მარტში. სწორედ ევროკავშირმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. საკუთარი კანონდებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს საქმეა. შეუძლია ნებისმიერ კანონი ჰქონდეს, რაც სურს. მაგრამ, ჩემი და ევროკავშირის როლია, რომ ქართველებს ვუთხრათ, რომელი კანონები არ შეესაბამება ევროკავშირს. სწორედ 2024 წლის გაზაფხულზე ნათლად და ხმამაღლა ვამბობდით, რომ არ მიეღოთ კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რადგან ამას შედეგები მოჰყვებოდა. მართლაც, 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეეჩერებინა და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, რომ კურსი შეეცვალა.
მოხარული ვარ და ვფიქრობ, რომ პოზიტიურია ის, რომ საბოლოოდ, ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები აღმოაჩინა, მაგრამ, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რათა გაეაზრებინათ, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა.
გასულ კვირას, გაფართოების ანგარიში მივიღეთ, რაც ალბათ, საბოლოო გამომაფხიზლებელი ზარია. ანგარიში დამანგრეველი იყო. ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დასჭირდებათ, რათა ეს შეისწავლონ და იმოქმედონ, რადგან თუ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ მათ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა დაბრუნდნენ.
როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ.“
“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, “ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას”.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას ხელს 17 ნოემბერს მოაწერენ, ხოლო ძალაში დეკემბრიდან შევა.
“შესაძლოა, ის მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული”. – წერს იოზვიაკი.
ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი 7 ოქტომბერს დაუჭირა.