ოპოზიციური პარტიები: რეჟიმის მიერ დევნა ხალხის უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება
ოპოზიციური პარტიების განცხადება
7 ოპოზიციური პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის გამწვავება “საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის” საფუძველი გახდება.
მათი თქმით, რეჟიმს საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და სწორედ ამიტომ მიმართავს რეპრესიებსა და დეზინფორმაციას.
განცხადებას ავრცელებენ: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი, ფედერალისტები.
“ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს.
“ქართული ოცნება” საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა.
ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.
რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებას, ჯანდაცვას და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.
მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონერების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.
მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.
რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.
ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.
ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს.
ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – წერია განცხადებაში.
პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.