Reuters: “ქართულ ოცნებას” აშშ-ში ბიზნესმენი ლობისტი გამოუჩნდა
Reuters-ი ლობიზმზე
გამოცემა Reuters-ის ცნობით, საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ ნიკანდროსმა ბოლო კვირების განმავლობაში პირადად მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ არ დაემტკიცებინათ კანონპროექტი (საუბარია MEGOBARI Act-ზე – რედ.), რომელიც ზეწოლას მოახდენდა ივანიშვილის მთავრობაზე.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ანტიდასავლური მთავრობის სასარგებლოდ ლობირების ფაქტმა კონგრესის მაღალი თანამდებობის მქონე რესპუბლიკელი წევრი, ჯო უილსონი გააღიზიანა.
“ორპარტიული კანონმდებლების ჯგუფი ცდილობს მიიღოს კანონპროექტი, რომელიც თბილისში სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვთან მიახლოებულ მთავრობის დასჯას ისახავს მიზნად. ზომებს შორის ერთ-ერთი უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს მთავრობას საქართველოს მთავრობის ოფიციალურ აღიარებას აუკრძალავდა.
ტეხასში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანია TXN Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგიერთ რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ზემოაღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.” – წერს Reuters.
გამოცემამ ნახა 30 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც ნიკანდროსი კანონმდებლებს მოუწოდებს, დამატებითი ნაბიჯები გადადგან აღნიშნული ინიციატივის საბოლოო დამტკიცების შესაჩერებლად, რომელიც კომიტეტში განხილვის შემდეგ ახლა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ელოდება.
ნიკანდროსი წერილში აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არის არჩეული და მსგავსი კანონპროექტის მიღება საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო დააახლოებს, რაც ამერიკულ ბიზნესინტერესებს და მათ შორის მის კომპანიასაც დააზარალებს. წერილში ნათქვამია, რომ TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს.
“ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ადამიანებს ასაქმებენ და ინვესტიციებს დებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია” – ნათქვამია Reuters-ის მიერ ნანახ წერილში.
გამოცემას ნიკანდროსის წერილი მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელსაც აეჭვებდა, რომ ნიკანდროსის ქმედებები კანონპროექტის მიღებას მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებდა.
“როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რომელიც ფლობს საგამოძიებო უფლებამოსილებას, მე შევეცდები მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ.” – მიწერა ჯო უილსონმა ელფოსტით გამოცემას.
Reuters-ის მიხედვიტ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკანდროსი არის “ნოვატორი”, მის მთავრობას აშშ-ში ლობისტური კავშირები არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსს რესპუბლიკელ კანონმდებლებისთვის და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომიტეტებსა და სტრუქტურებისთვის 200 000 დოლარზე მეტი აქვს შეწირული.
ნიკარდოსი მანამდე ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია “ფრონტერას” აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც 1997 წლიდან, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან ფლობდა კახეთში XII სალიცენზიო ბლოკს, სადაც ნავთობის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებდა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა რუსეთის ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად იქცა. Reuters აღნიშნავს, რომ ამერიკელი კანონმდებლები “ქართულ ოცნებას” ხშირად თვითიზოლაციისა და მოსკოვთან, თეირანთან და პეკინთან გაძლიერებული კავშირების გამო აკრიტიკებენ.
წინაისტორია
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
6 სექტემბერს გამოცემა The Hill-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასული თვის ბოლოს, სენატორმა მარკუეინ მალინმა მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან “MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.
გამოცემის თანახმად, ოკლაჰომელი სენატორის, მარკვეინ მალინის პოზიცია “უცნაურია“, რამდენადაც რადიკალურად განსხვავდება ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობაზე მის მიერ დაკავებული პოზიციებისგან.
2020 წელს მალინი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა “ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებთან და მტრებთან“ დაახლოების გამო და ამტკიცებდა, ეს ამერიკული კომპანიებისთვის ქვეყანაში საქმიანობას ართულებს და საშიშს ხდის.