ვენეციის კომისიამ სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
ვენეციის კომისია
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.
საიას ცნობით, ვენეციის კომისიამ უკვე შეაფასა გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონი და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონსა და მის ეფექტებს განიხილავს ფარასთან და გრანტების კანონებთან ერთად, ვინაიდან, დადგენილი რეგულაციები ერთმანეთს ემატება, აწესებს გადაჭარბებულ ვალდებულებებს და მძიმე სანქციებს.
რას ამბობს საია
“2025 წლის 15 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, app. no. 31069/24) წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae).
დოკუმენტში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მან უკვე შეაფასა “გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონი“ (რუსული კანონი) და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ვენეციის კომისიის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრული. ასევე, შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ეფექტიან მექანიზმებს, რათა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ან მარგინალიზაციის მიზნით მათი დაფინანსების წყაროების ან აღქმული პოლიტიკური პოზიციის საფუძველზე. სადავო კანონი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ვინაიდან მასში მოცემული ტერმინები “უცხოური ძალა“ და “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ფართო და ბუნდოვანია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ენიჭება გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება – მოითხოვოს პირადი მონაცემების გამჟღავნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა თავისთავად არ წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. სამართლებრივი შეზღუდვები მხოლოდ ისეთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა უკავშირდებოდეს, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი ან დანაშაულის პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ემსახურებოდეს ამ მიზნებს, სადავო კანონი არ ამყარებს კონკრეტულ კავშირს ამ მიზნებთან. შესაბამისად, მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდა ვერ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების განურჩეველ შეზღუდვას. მეორეს მხრივ კი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა ძირს უთხრის დემოკრატიულ დისკურსსა და პლურალიზმს.
ასევე, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონი შეუსაბამოა პროპორციულობის პრინციპთან, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით პატარა ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას.
იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი წესები ვერ აღწევენ კანონით გათვალისწინებულ მიზანს, მაშინ ისინი უნდა გაუმჯობესდეს და უკვე არსებული კანონების პარალელურად არ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი ახალი შემზღუდავი აქტები. ინდივიდუალურად და მითუმეტეს, ერთიანად აღებული, ზემოაღნიშნული ნორმები აწესებენ ფართო და ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ვალდებულებებს, რომლებიც მკაცრი პასუხისმგებლობის მექანიზმებთან ერთად არაპროპორციულად ამძიმებენ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან დემოკრატიული ზედამხედველობითა და უფლებათა დაცვის საქმიანობით.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნით, აღნიშნული კანონებით შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო არღვევს სამართლებრივი სიცხადისა და აუცილებლობის პრინციპებს, აძლევს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ ძალაუფლებას, რაც შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისათვის.” – აცხადდებს ორგანიზაცია.
15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, გააუქმოს: “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი” (ქართული FARA), ასევე “გრანტების შესახებ კანონსა” და “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შესული ცვლილებები, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღებას ზღუდავს.
დასკვნაში, ანტიკორუფციული ბიურო მიჩნეულია როგორც არადამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს ჩაბარებული ეს უფლებამოსილებები.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ პარტია “ქართული ოცნება”, რაჟდენ კუპრაშვილი და თამარ ზოდელავა არ შეხვდნენ ვენეციის კომისიას დასკვნის მომზადების პროცესში.
ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა სთხოვა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღინიშნება, ყველა მათგანი მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას.