Al: საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯით გააჩუმოს
გაზიარება
გაზიარება
Amnesty International-ის განცხადება
საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს, – ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი საქართველოში დაკავებების ახალ ტალღას ეხმაურება, სადაც პოლიციამ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავა.
“აღნიშნული დაკავებები ხაზს უსვამს რეპრესიების მწვავე ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს.
მშვიდობიანმა შეკრებამ შესაძლოა დროებით შეაფერხოს მოძრაობა, მაგრამ ეს არ ამართლებს დაშლას ან დაკავებას და აღნიშნული არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს. ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი უნდა გაათავისუფლოს, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
19 და 20 ოქტომბერს, “გზის გადაკეტვისა” და “სახის დაფარვისთვის” 20 პირი დააკავეს, მათ შორის, “ფორმულას” ჟურნალისტები – ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი. სასამართლომ დაკავებულებს სხვადასხვა სასჯელები შეუფარდა – ძირითადად პატიმრობა 6 დღიდან 14 დღემდე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე, რომელიც:
სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.”