ახალი განათლების რეფორმა: რა დააანონსა ირაკლი კობახიძემ და რას ამბობენ ექსპერტები
ახალი განათლების რეფორმა
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ექსპერტები დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად აფასებენ.
რას გულისხმობს რეფორმა
- ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი
● დაცული იქნება პრინციპი “ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი”, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც გამოიწვევს რეორგანიზაციას.
● მაგალითად თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
● ქვეყანაში იქნება ორი ძირითადი კერა, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ეს იქნება თბილისი პლუს რუსთავი და ქუთაისი. რეგიონებში არსებული უნივერსიტეტები კი პროფილურები იქნება.
“ორ ქალაქში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფუნქციური განვითარება საუნივერსიტეტო სისტემის, მათ შორის ეს ეხება ქუთაისს. ქუთაისში დღეს არის 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. თვითონ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ოპტიმიზაციაზე, აქ არ იგულისხმება, გინდა თუ არა, უნივერსიტეტების შერწყმა. შეიძლება ჩვეულებრივად დარჩეს ორივე უნივერსიტეტი ავტონომიურად, დამოუკიდებლად. აქ საუბარია რაზე – ქუთაისში ჩვენ უნდა დავფაროთ აბსოლუტურად ყველა მიმართულება: ტექნიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკა, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური და ა.შ. იქნება ორი ძირითადი კერა. ეს იქნება ქუთაისი და თბილისი პლუს რუსთავი, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა სპეციალობას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს რეგიონებში, ისინი იქნება არსებითად პროფილური უნივერსიტეტები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებას.” – თქვა კობახიძემ.
პროფესორ-მასწავლებლები
● სტიმულის მისაცემად, უნდა გაზარდონ ხელფასები და გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა.
● იმ მიმართულებებისთვის, სადაც დეფიციტურია ქართველი მაღალკვალიფიციური კადრები, ჩამოიყვანენ ისეთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც პენსიაზე არიან გასულები და სტუდენტების გარდა ,გადაამზადებენ ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსაც.
“სტიმული უნდა შეიქმნას, დღეს სტიმული არ არსებობს. დღეს ხელფასი როცა არის 2 000-2 500 ლარი, რა თქმა უნდა, მოტივაციას ვერ შეუქმნი ადამიანს… თუ ხელფასი იქნება მაღალი, თუ ინფრასტრუქტურა იქნება შესატყვისი, პროფესორს უნდა უხაროდეს უნივერსიტეტში მისვლა. დღეს არც ინფრასტრუქტურა ვარგა, კაბინეტები არ აქვთ.
მაინც დარჩება დეფიციტური სპეციალობები და მიმართულებები, სადაც შეიძლება ქართველი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები ვერ მოვიძიოთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ უცხოელი პროფესორებით… მაგალითად, გერმანიაში 65 წლის ასაკში გადიან პენსიაზე პროფესორები და მათ აქვთ რესურსი, რომ კიდევ 5-10 წელი ასწავლონ თავისუფლად და ასეთი პროფესორების მოზიდვა შეგვიძლია ჩვენ. გარდა იმისა, რომ ისინი შეავსებენ ამ ვაკუუმს, ისინი უზრუნველყოფენ ქართველი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასაც.” – განაცხადა კობახიძემ.
3+1 პროგრამა
● კიდევ ერთი ცვლილება, რასაც “ქართული ოცნება” საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი. ეს, სავარაუდოდ, შეეხება ყველა ფაკულტეტს, გარდა სამედიცინოსი.
“რეალურად, სავსებით საკმარისია 3 წელი იმისთვის, რომ ამ საბაკალავრო ცოდნას, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი. და მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის რაღაც აბსტრაქტული გაგრძელება ბაკალავრიატის. 3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია, ყველა მიმართულებით ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი.” – თქვა კობახიძემ.
11-წლიანი სასწავლო პროგრამა სკოლებში
● სკოლები შესაძლოა 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდნენ. TV IMEDI-ს ეთერში კითხვაზე – შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, კობახიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებას უნდა, “ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება”.
● მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია ყველა ქალაქში იყოს თანაბარი ხარისხის სწავლება, იყვნენ თანაბრად კვალიფიციური მასწავლებლები, რაც ახლა არ არის.
“ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან? ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მითუმეტეს, პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?
თუმცა, ჩვენ არანაირ ბარიერს არ ვქმნით. თუ ვინმეს უნდა მეთორმეტე წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არადა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მეთორმეტე კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე.” – ამბობს კობახიძე.
საგრანტო დაფინანსება
● კობახიძის თქმით, ისინი შეისწავლიან შრომით ბაზარს და შემდეგ განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს ცვლილებები არ შეეხებათ.
”განისაზღვრება პრიორიტეტები, პირველ რიგში, შრომის ბაზრის საჭიროებების მიხედვით. დღეს საერთოდ არ ვიცით, რამდენი იურისტი გვჭირდება, არავის არ შეუსწავლია. ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ აცდენა არის ორმაგი და სამმაგი და ხშირად უფრო მეტი გამოშვებულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის… მეორე, შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ისეთი მიმართულებები, სადაც შრომის ბაზარს არ აქვს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ იქ სახელმწიფომ შეიძლება სტიმულირება მოახდინოს. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური მოთხოვნები. ამაში ჩართული იქნება ორი სამინისტრო: განათლების და ეკონომიკის.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე არიან ჩარიცხული, შენარჩუნდება არსებული საგრანტო სისტემა და ასევე, როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილებას, აქაც სტუდენტებს ექნებათ არჩევანი, თუ ვინმე დღეს სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება იქ დარჩენის შესაძლებლობა.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გეოგრაფიული დეკონცენტრაცია
● ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი და რუსთავი უნდა დაიტვირთონ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები. მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევენ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც, რათა გაძლიერდეს მათი რესურსები და შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება.
“დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში… ქუთაისი და რუსთავი გვინდა დავტვირთოთ, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები. და ამასთან ერთად, ლოგიკურად, როდესაც განვითარდება ინფრასტრუქტურა შესაბამის ქალაქებში, გაჩნდება ახალი სტიმული დასაქმებისთვისაც, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ეს გამოიწვევს კომპლექსურ ცვლილებებს…
ჩვენ გვაქვს ასევე 5 რეგიონული უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესენია: ბათუმი, ახალციხე, გორი, თელავი და ზუგდიდი. და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ამ უნივერსიტეტებსაც გავუძლიეროთ ინფრასტრუქტურა და გავუძლიეროთ რესურსები, მათ შორის, აქ იგულისხმება ისიც, რომ მეტი სტუდენტის მიღება უნდა შეძლონ ამ უნივერსიტეტებმა. აქცენტი გაკეთდება პედაგოგიურ მიმართულებაზე, აგრარულ მიმართულებაზე და ასევე პროფესიული განათლების მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ ამ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები.” – თქვა კობახიძემ.
“იმედის” ეთერში აგრეთვე ისაუბრეს ამ რეფორმების გატარების თარიღებსა და მასთან დაკავშირებულ ფინანსებზე. ივანიშვილის პრემიერის ცნობით, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ისინი კონცეფციას საჯაროდ განიხილავენ, დამტკიცების შემდეგ კი ნაწილი საკითხები 1 წელიწადში, ნაწილი კი – რამდენიმე წელში უნდა გადაიჭრას.
კომენტარი

სერგი კაპანაძე, ექსპერტი: “სამ გვერდზე გამოქვეყნებულ “განათლების რეფორმის” კონცეფციას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და გაუმჯობესებასთან.
ასე შეხედეთ:
– ჯამური სწავლების პერიოდს მაგისტრატურის ჩათვლით ამცირებენ 3 წლით. ანუ, 6 წლის ბავშვი რომ შევა სკოლაში, 21 წლის იქნება უკვე მაგისტრი.
– საბაკალავრო თან სამი წელი უნდა იყოს, თან ქართული უნდა ასწავლონ, თან ენები. დათვალეთ 180 კრედიტიდან რამდენი დარჩება რეალურ საგნებზე. თუ საბაკალავრო ნაშრომსაც წერ – ყველაზე მინიმალური საგნები დარჩება გასავლელი.
– რეალურად სტუდენტებს აშორებენ თბილისს. ეტყობა ახალგაზრდების პროტესტი არ მოსწონთ და უნდათ, რომ რეგიონებში გაყარონ სტუდენტები.
– როგორც ჩანს, ერთი ამოცანაა ფულის დაზოგვა. გაუჭირდათ ეტყობა განათლების დაფინანსება. ბიუჯეტის 25%-ს დაზოგავენ.
– ითქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ 30 ათასი უნივერსიტეტდამთავრებული უფრო მალე შეუერთდება სამუშაო ბაზარსო. ეს არის უზედაპირულესი განცხადება. თუ ბაზარი ითხოვს მუშახელს, ეგ 30 ათასი კურსდამთავრებული ისედაც არსებობს. არაა საჭირო უნივერსიტეტიდან დროზე ადრე გამოგდება, რომ სამუშაო ადგილები შეავსო.
– როგორც ჩანს, აქცენტი იქნება პროფესიულ განათლებაზე. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ კარგი იდეაა, როგორ აიძულებ ადამიანებს, რომ პროფ-ში ჩააბარონ, სრულიად გაუგებარია. უბრალოდ უნივერსიტეტებში დახურავ მისაღებ ადგილებს და სხვა გზას არ მისცემ? ეგ ნიშნავს, რომ წირავ ამ ახალგაზრდებს ისეთ საქმიანობაზე, რაც არ უნდათ.
– ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გაუყიდიან ქონებას. ალბათ, ვაკეში არსებულ კორპუსებს დაერევიან. პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხებიან, სავარაუდოდ, მაგრამ მეოთხე, მეექვსე, მეცხრე, ილიაუნის კორპუსები და ა.შ. გაიყიდება. მაგ ფულით აპირებენ სადღაც ქალაქგარეთ კორპუსების აშენებას და იქ სტუდენტების “წასხმას.”
– რაც მთავარია, დაასამარებენ კონკურენციას უმაღლესი განათლების სფეროში. თუ რამე ზრდის ხარისხს არის კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებთან. თუ ქალაქში ერთი ფაკულტეტი დარჩება – კონკურენცია არ იქნება.
– ოღონდ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კერძო უნივერსიტეტებსაც დაერევიან. როგორც ჩანს, საქართველოს უნივერსიტეტი იქნება პირველი. სხვებიც მიყვებიან. შეუძლებელია დეკონცენტრირებულმა ფაკულტეტებმა იმუშაოს, თუ კერძოები აგრძელებენ ისევე მუშაობას, როგორც აქამდე. უბრალოდ საუკეთესო სტუდენტები კერძოებში წავლენ და მაშინ მთელ ამ “რეფორმას” აზრი ეკარგება.
– რა თქმა უნდა, დაერევიან მიუღებელი, განსხვავებული აზრის მქონე პროფესორებს და ლექტორებს. ესაა ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. მათ ჩანაცვლებასაც შეძლებენ. ხარისხი თუ გაუარესდება, აი დარდი. პოლიტიკური ამოცანა აქვს რეჟიმს და ასრულებს ნებისმიერ ფასად.
– განათლების სისტემას ამგვარად ძალიან დააშორებენ ბოლონიის პრინციპებს. 11 კლასიანი სკოლა არ ჯდება ბოლონიის კონცეფციაში. პირველი კურსიდან სტუდენტები ვეღარ წავლენ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. ამაშიც პლიუსი აქვთ ნანახი – აქ დატოვებენ ბავშვებს, რომ აქაური იდეოლოგიზებული სწავლების მსხვერპლი გახადონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამასთან, გარეთ წასული სტუდენტებისთვის აქედან გასული გადასახადებიც დაეზოგებათ და ქვეყანაში დარჩება. როცა ფული შემოაკლდათ, ამ ზომაზეც მიდიან.
– ყველა ის არგუმენტი, რომ მეთორმეტე კლასში მაინც არაფერს აკეთებენ ბავშვებიო, უბრალოდ რეალობას აცდენილია. მასე, არც მეთერთმეტე კლასში გააკეთებენ არაფერს. ყველა ბოლო წელი ეგეთია ქართულ რეალობაში. მაგას სხვა პრობლემა აქვს სათავეში, რომელი სხვა განხილვის საგანია.
– ჯამში მიიღებენ ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას.
რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ხელისუფლებას ასეთი განათლების სისტემა ყველაზე მეტად აწყობს.
პ.ს. ის ხედვა, რომ ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი პროფესორი, სამი ასოცირებული და ათი ასისტენტ პროფესორი, იმდენად არასწორი და რეალობას აცდენილია, რომ სერიოზული კომენტირება შეუძლებელია.”

ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი: “გამოვარდა ზოგიერთი მშობელი და ვითომ კეთილმოსურნე – მე-12 კლასში ისედაც არაფერს აკეთებდნენ მოსწავლეები და გასაუქმებელი იყოო.
1 – 11 წლიანი სკოლიდან მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს სწავლა უცხოურ უნივერსიტეტებში, მაგრამ გაცილებით მეტი ბიუროკრატიული ბარიერებით, ზოგ უნივერსიტეტში საერთოდ არც განიხილავენ მის აპლიკაციას. იმიტომაც გავხადეთ 12 წლიანი სწავლება ბოლონიის პროცესთან შეერთების შემდეგ, რომ ეს ბიუროკრატიული ბარიერები მოხსნილი ყოფილიყო და პირდაპირ ეღიარებინათ ჩვენი სკოლის დიპლომი, ზედმეტი განმარტებების გარეშე.
2 – ცოტა ხნის წინ გვითხრა განათლების სამინისტრომ, სკოლაში საკმარისად კარგად ვერ ვასწავლით ბავშვებს მშობლიურ ენას, ვერც ვუმოწმებთ ცოდნას სათანადოდ და ამიტომ უნივერსიტეტებს დაევალათ ქართული ენის სავალდებულო კურსის შეტანა პროგრამებში. რაღაც ავირიე ლოგიკაში – საკმარისია 11 წელი თუ არაა საკმარისი? თუ მშობლიურ ენასაც ვერ ასწავლი კარგად, როგორაა საკმარისი?
3 – ზრდასრულ ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის, თუნდაც საერთოდ არ გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, სჭირდება უფრო და უფრო მეტი განათლება. მას უნდა შეეძლოს სტატისტიკური ინფორმაციის გააზრება, ჰქონდეს საბაზისო წარმოდგენა ბიოლოგიაზე, ფიზიკაზე, ქიმიაზე, სოციოლოგიაზე, ფსიქოლოგიაზე. უნდა შეეძლოს ყალბი ინფორმაციის და პოლიტიკოსების მანიპულაციების ამოცნობა. უნდა ჰქონდეს თვითგანათლების უნარი და იცოდეს ინგლისური საშუალოდ მაინც, რომ შეძლოს მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიური პროდუქტების დამოუკიდებლად შესწავლა და გამოყენება. 12 წელი არ იყო ამისთვის საკმარისი და 11-ია საკმარისი? “იი, ინტერნეტში ყრია კურსები” – და რატომ ვერ ისწავლე მაშინ დამოუკიდებლად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და მაღალი ხელფასი რატომ არ გაქვს? 2% რომ სწავლობს, ეგ ნორმა გგონიათ?
4. “მე-12 კლასში არაფერს არ აკეთებენ” არის სამარცხვინო განცხადება, განსაკუთრებით მშობლის და მასწავლებლის მხრიდან. კი მაგრამ, გძინავთ, თუ ასეა? ქვემოთ გიჩვენებთ საჯარო (!!!) ამერიკულ სკოლაში საგნების არჩევანს იმ მე-10-12 კლასის მოსწავლისთვის, ვინც გაძლიერებულ პროგრამას მიყვება. მოსწავლე საგნებს ირჩევს იმის მიხედვით, თუ რა პროფესიაზე აპირებს სწავლას. მაგალითად, ჩემმა შვილმა მე-10 კლასში გაიარა AP World History, AP Seminar, AP Computer Science.
ახლა გადის AP Biology, AP Calculus, AP Physics, AP Language and Composition, AP US History, Advanced Computer Science. მომავალ წელს კიდევ ხუთი AP კლასი აქვს დაგეგმილი.
კომპიუტერულ მეცნიერებებში სკოლაში ისწავლა პითონი, ჯავა და ალგორითმები. ინჟინერიაში ისწავლა ელექტრონიკა, მიკროელექტრონიკა, ჯგუფურ პროექტში ქუჩის მწმენდი რობოტი შექმნეს.
AP საგნების დიდ ნაწილს ამერიკული უნივერსიტეტები აღიარებენ კრედიტებად, შესაბამისად კალკულუსის, საბაზისო სტატისტიკის თუ კომპიუტერულ მეცნიერებებში შესავლის გავლა აღარ მოუწევს უნივერსიტეტში. ჩვენ ბიზნესის პროგრამებზე შემოგვდის სტუდენტები, რომელთაც წილადების მიმატება არ იციან და მერე კალკულუსს ვურტყამთ თავში.
იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ და ცოდნის სწრაფად ზრდად დროში მოითხოვოთ მეტი შინაარსიანი განათლება, მთლიანად უუქმებთ მე-12 კლასს, ფულს იხდით რეპეტიტორებში 2-3 საგანში და გგონიათ, რომ ამ მწირი ცოდნით წინ წავა ადამიანი.
ამ დროს ქოცნების მაღალჩინოსნებს შვილები დაჰყავთ უძვირეს კერძო სკოლებში, რომლებიც პირდაპირ მიყვებიან ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. შეიხედეთ “ევროპულ სკოლაში”, მაგალითად, მე-12 კლასი მთლიანად ეთმობა უზარმაზარი პროექტების განხორციელებას.
შეადარეთ და მოითხოვეთ უკეთესი განათლება საკუთარი შვილებისთვის.
edit: აქვე ჩავამატებ – სკოლა, რომლის მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ მე-12 კლასში არ დადიან მოსწავლეები და ისე იღებენ დიპლომს, არღვევს საქართველოს განათლების სტანდარტს და მისი ავტორიზაცია გადასახედია.”

გიგა ზედანია, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი: “უდავოა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი ბევრად და ბევრჯერ აღემატება ზოგადი განათლების ხარისხს. საქართველოს უნივერსიტეტებში ნამდვილად არის პროგრამები, რომლებიც ტოლს არ უდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტების პროგრამებს, გინდა სწავლებაში და გინდა – კვლევაში. ევროპულმა ინტეგრაციამ უმაღლეს განათლების გაუმჯობესებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დადებითი როლი ითამაშა, რაც, ბუნებრივია, აკლდა ზოგადი განათლების სფეროს. ამიტომ, თუ რეფორმა იყო გასაკეთებელი, ზოგადით უნდა დაწყებულიყო.
ხოლო თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება:
სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც – უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია;
პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება (სტრუქტურული, ფინანსური, პოლიტიკური ფაქტორების გამო). სფერო დაკარგავს მაღალკვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები;
დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს; ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება.
შეიძლება ზოგიერთი ჩემი ‘წინასწარმეტყველების’ საფუძველი ნათელი არ იყოს, მაგრამ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება სწორედ ამას მკარნახობს. ზოგადად, თვით-სკეპტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხში ეჭვი – სამწუხაროდ – არ მეპარება.”