ეუთო/ოდირის განცხადებით 4 ოქტომბერს საქართველოში ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, სადამკვირვებლო მისია არ გამოიგზავნება. ამის მიზეზად ეუთო/ოდირი “ქართული ოცნების” მხრიდან დაგვიანებულ მოწვევას ასახელებს.
“ქართულმა ოცნებამ” 4 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია 6 სექტემბერს მოიწვია.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ.
კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის გამო ეუთო/ოდირი ქართული ოპოზიციისა და ასევე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა და დაამატა, რომ წელს ეს ზეწოლა უფრო გაიზრდება.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ეუთო/ოდირმა “ოცნებასთან” არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის აუცილებლობას. მათივე განმარტებით, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და არჩევნების პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას.
“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთ გვიან ეტაპზე მოწვევის გადაწყვეტილება ხელს უშლის ეფექტიან დაკვირვებას და ეუთო/ოდირი ვერ შეძლებს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“.
საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტისას, ეუთო/ოდირი მუდმივად უსვამდა ხაზს დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვება. წარსულში, ეუთო/ოდირმა მიიღო დროული მოწვევები საქართველოსგან, რათა დაეკვირვებინა ადგილობრივი არჩევნებისთვის 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლებში, რაც იძლეოდა ეფექტური მომზადების საშუალებას ეუთო/ოდირის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით.” – წერია განცხადებაში.