აფხაზეთში ტაქსის მძღოლები მოითხოვენ, მიგრანტებს საქმიანობა აეკრძალოთ. მათი თქმით, უცხოეთიდან ჩამოსულები ადგილობრივებს შემოსავალს ართმევენ. ხელისუფლება მათ მოთხოვნას დაეთანხმა და მომავალი წლიდან მიგრანტებს ტაქსის მომსახურების სფეროში მუშაობა აეკრძალებათ.
რამდენიმე ათეულმა ტაქსის მძღოლმა სოხუმში პიკეტი გამართა. მათ ერთმანეთის მონაცვლეობით სამი დღის განმავლობაში გააგრძელეს პროტესტი.
მთავარ მოთხოვნად მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება დასახელდა, რომლებიც ადგილობრივებს კონკურენციას უწევენ.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში ტაქსის მძღოლებად 200-ზე მეტი უცხოელი მუშაობს, ძირითადად — ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან.
აქციის მონაწილეთა თქმით, მიგრანტი მძღოლების ნაწილი არ ფლობს შესაბამის მართვის მოწმობას, ცუდად იცნობს ადგილობრივ ტერიტორიას და გამართულად ვერც რუსულ ენაზე ურთიერთობს კლიენტებთან.
მიუხედავად ამისა, კომპანიების მფლობელებისთვის მათი დასაქმება სარგებლიანად მიიჩნევა. დამსაქმებლები ამტკიცებენ, რომ უცხოელი მძღოლები უფრო დისციპლინირებულები არიან, ავტომობილებს კარგ მდგომარეობაში ინახავენ და მგზავრთა გადაყვანის გეგმას რეგულარულად ასრულებენ.
პიკეტმა აქტიური განხილვები გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თითქმის თანაბრად გადანაწილდა.
მომხარებელთა ნაწილი ტაქსის მძღოლებს უყენებს პრეტენზიებს: ხმამაღალი მუსიკა, სიგარეტის სუნით “აყროლებული” სალონი, მაღალი სიჩქარე და მოძრაობის წესების ხშირი დარღვევა. თუმცა არიან ისინიც, ვინც მიიჩნევს, რომ მიგრანტების გამო ადგილობრივები ზარალდებიან და მდგომარეობის შეცვლა აუცილებელია.
პიკეტზე მივიდა პარლამენტის დეპუტატი კან კვარჩია, რომელიც ადგილიდან ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას დაუკავშირდა. გუნბამ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს მიგრანტებისთვის მგზავრთა გადაყვანის სფეროში მუშაობის აკრძალვას და ამ უფლებას მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის დატოვებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება 2026 წლის იანვრამდე იგეგმება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო