"სომხეთი რუსული ჩექმის გარეშე“: საზოგადოება რუსული სამხედრო ბაზის გიუმრიდან გაყვანას მოითხოვს
რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანა
23 აგვისტოს გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან, გაიმართა საპროტესტო აქცია სლოგანებით: “102-ე სამხედრო ბაზა — გიუმრიდან გაეთრიე“, “სომხეთი უცხოელი გარნიზონების გარეშე“, “დამოუკიდებელი სომხეთი — რუსეთის ჩექმის გარეშე“, “ფაშისტებო“, “მოღალატეებო“, “მკვლელებო“. აქცია ორგანიზებული იყო პარტია “რესპუბლიკის სახელით“-ის მიერ. იმავე დღეს გაიმართა ორი მცირე კონტრაქციაც — უკვე რუსეთის სამხედრო ბაზის მხარდასაჭერად.
რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, სომხეთის მეორე უდიდეს ქალაქში, 1995 წელს განთავსდა. თავდაპირველი შეთანხმება 25-წლიან ვადაზე იყო გათვლილი, თუმცა 2010 წლის აგვისტოში მისი მოქმედება 2044 წლამდე გაგრძელდა. ბაზაზე დაახლოებით 5 000 სამხედრო მსახურობს.
ბაზის გასვლის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მისი არსებობა სომხეთის სუვერენიტეტს ემუქრება, მხარდამჭერები კი რუსი სამხედროების ყოფნას სომხეთის უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევენ.
ექსპერტულ წრეებში იზიარებენ მოსაზრებას, რომ რუსეთის ბაზა სომხეთის თავისუფლებას ზღუდავს. უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიზის მიხედვით, “რუსეთზე დამოკიდებულება სხვადასხვა სფეროში გადაიქცა გამოწვევად, რომელიც ზღუდავს სომხეთის თავისუფლების დონეს და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად მის წინააღმდეგ“.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი საზღვრის არქონის პირობებში სამხედრო შეტევის ალბათობა მცირეა. თუმცა, თუ მოსკოვში ვითარება უკიდურესად არასახარბიელოდ შეფასდება, “არ გამოირიცხება, რომ რუსეთმა ძალის გამოყენება სცადოს — მათ შორის, სომხეთში დროებით განთავსებული 102-ე სამხედრო ბაზის მეშვეობით“.
ამავდროულად, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი სცენარის ალბათობა ახლა დაბალია, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები სომხეთში არც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ფლობენ და არც ლოგისტიკურს.
გიუმრიში არსებულმა ბაზამ წლების განმავლობაში არაერთხელ მიიქცია ყურადღება მისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, როგორც სომხეთში აღნიშნავენ, უნდა განიხილებოდეს ორმხრივი სომხურ-რუსული შეთანხმებების ფარგლებში.

“საფრთხე უნდა განეიტრალდეს“
რუსეთის სამხედრო ბაზის გიუმრიდან გაყვანის მომხრე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი არსებობა სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას იზიარებს ვანაძორის ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნციც, რომელიც სხვამს კითხვას: “რატომ უნდა აფინანსებდეს სომხეთის გადასახადის გადამხდელი იმ ძალას, რომელმაც მისი ტერიტორია დაიკავა?“
სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ბაზის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მე-19 მუხლის თანახმად, მისი ძირითადი ფინანსური უზრუნველყოფა რუსეთის ვალდებულებაა. თუმცა დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ “ბაზის შენახვის ნაწილობრივ ხარჯებს სომხეთის რესპუბლიკა ფარავს“.

პარტია “რესპუბლიკის სახელით“-ს ლიდერის, არმან ბაბაჯანიანის თქმით, სამხედრო ბაზა “საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც უნდა განეიტრალდეს“. ის ირწმუნება, რომ მისი პარტია მზადაა იმოქმედოს, “რათა აიძულოს ხელისუფლება, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიტანოს“ 2026 წლის არჩევნების წინ.

პარტია “რესპუბლიკის სახელით“-ის ლიდერი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ სომხეთმა უნდა შეძლოს ფეხზე დგომა რეალურ მოკავშირეებზე დაყრდნობით, გაზარდოს საკუთარი წინააღმდეგობის უნარი და თავად დაიცვას ქვეყანა:
“არავის — აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან — არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი ოპონენტების ნაცვლად ილაპარაკოს და ჩვენ ხარჯზე მიიღოს გადაწყვეტილებები“, — განაცხადა ბაბაჯანიანმა.
ოპონენტების არგუმენტზე, რომ “რუსებს გააძევებენ და თურქებს მოიყვანენ“, ბაბაჯანიანმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ნებისმიერი უცხოური სამხედრო ბაზის წინააღმდეგია:
“სომხეთი მხოლოდ სომეხმა ჯარისკაცებმა უნდა დაიცვან“.

სანამ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ბაზიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმოდა. რუსმა ჯარისკაცებმა სომხური პატრიოტული სიმღერები ჩართეს, რათა გამომსვლელების ხმა ჩაეხშოთ. ბაზა სომხურმა პოლიციამ ალყაში მოაქცია. ისინი პროტესტის მიმდინარეობაში არ ერეოდნენ, თუმცა, სამხედრო ბაზის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს ტერიტორიასთან მიახლოების უფლება არ მისცეს. მათ განმარტეს, რომ შესაძლო შეტაკებების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.
“რუსული ჯარების გაყვანა თურქული ჯარების სომხეთში მოწვევაა“
პრორუსულმა პარტია „დედა-სომხეთმა“ მხარდამჭერებთან ერთად გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მხარდასაჭერად აქცია გამართა.
“როგორც კი გავიგეთ, რომ თურქეთის მეხუთე კოლონა [იგულისხმება პროდასავლური პოლიტიკოსები] აპირებს აქციის ორგანიზებას 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანის მოთხოვნით — დამოუკიდებლობის დეკლარაციის წლისთავის დღეს — ვერ დავრჩებოდით გულხელდაკრეფილი. რუსი სამხედროების გაყვანა ნიშნავს თურქი სამხედროების მოწვევას სომხეთში. ჩვენ დავიწყეთ აქცია ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციის, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად,“ — განაცხადა პარტიის ლიდერმა ანდრანიკ თევანიანმა.
მისი თქმით, პროდასავლური ძალების მიერ თარიღის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა:
“აქ აშკარად ჩანს ანკარისა და ბაქოს ხელი, რომლებიც ცდილობენ შეასუსტონ რუსეთის ყოფნა სომხეთში და დარტყმა მიაყენონ ჩვენი უსაფრთხოების სიმბოლოს.“
ბაზის მხარდასაჭერად აქცია კომუნისტებმაც გამართეს. მათი განცხადებით, სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთის უსაფრთხოების შეუცვლელი გარანტიაა: “ბაზის გაყვანა ნიშნავს ჩვენი საზღვრების დაუცველად დატოვებას და ხალხის საფრთხეში ჩაგდებას.“
კომუნისტები სიმბოლიკითა და წითელი დროშებით მივიდნენ ბაზასთან, სადაც მათ პროდასავლური ძალებიც შეხვდნენ. თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
რუსეთის ყოფნა სომხეთში შეზღუდულია
რუსი მესაზღვრეების სომხეთში 1992 წელს გამოჩნდნენ, როდესაც ერევანსა და მოსკოვს შორის გაფორმდა შეთანხმება “სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსისა და მათი საქმიანობის პირობების შესახებ“. დოკუმენტის საფუძველზე, სომხეთმა რუს მესაზღვრეებს არა მხოლოდ “ზვართნოცის“ აეროპორტის, არამედ თურქეთსა და ირანთან სახელმწიფო საზღვრის კონტროლის უფლებაც მიანიჭა.
2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთის ხელისუფლების თხოვნით, რუსი მესაზღვრეები აზერბაიჯანთან მიმდებარე სომხეთის რეგიონებშიც განლაგდნენ. თუმცა 2024 წლის 8 მაისს, ერევანში ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რუსი მესაზღვრეები დატოვებდნენ როგორც აზერბაიჯანთან საზღვრისპირა სომხეთის რეგიონებს, ისე “ზვართნოცის“ აეროპორტს. 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან აეროპორტში მესაზღვრეები მხოლოდ სომხეთის სასაზღვრო ჯარისკაცები არიან.
“სომხეთის სასაზღვრო სამსახურს გააჩნია საკმარისი გამოცდილება და უნარები საზღვრის დამოუკიდებლად დასაცავად,“ — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
2025 წლის 1-ლი იანვრიდან ირანთან სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზეც მხოლოდ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები არიან განთავსებული. 28 თებერვლიდან იგივე გადაწყვეტილება შევიდა ძალაში თურქეთთან მდებარე “მარგარას“ საკონტროლო პუნქტზეც.
ამავე თარიღიდან, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, სომხეთის სასაზღვრო ძალები თავად მონაწილეობენ თურქეთთან და ირანთან სახელმწიფო საზღვრის სრულფასოვან დაცვაში.
სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი ოფიციალურად არ დგას დღის წესრიგში
სომხეთის ხელისუფლება იშვიათად ეხება თემას, შესაძლებელია თუ არა საბოლოოდ უარი თქვას რუსი მესაზღვრეების მომსახურებაზე თურქეთთან და ირანთან სახელმწიფო საზღვარზე. წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანნისიანმა ჟურნალისტებს განუცხადა:
“რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, თითოეული ქვეყანა თვითონ უნდა ახერხებდეს საკუთარი საზღვრის კონტროლს“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კი, შეკითხვაზე — განიხილება თუ არა რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა — აღნიშნა:
“ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.
თავდაპირველად სამხედრო ბაზის ფუნქციები ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა 2010 წელს განახლებული შეთანხმების შემდეგ ეს შეზღუდვა დოკუმენტიდან მოიხსნა.
1995 წლის 16 მარტს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთში განთავსდა “ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დასაცავად“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ბაზის არსებობა მიზნად ისახავს “რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“.
ხელშეკრულების 24-ე მუხლის მიხედვით, რუსულ მხარეს სამხედრო ბაზის გამოყენება “იმ მიზნებისთვის, რომლებიც დოკუმენტში არ არის განსაზღვრული“ – ეკრძალება.
“სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბაზის ყოფნის პერიოდში, რუსეთის ინტერესების დაცვის პარალელურად, იგი სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის გარე საზღვარზე,“ — წერია ხელშეკრულებაში.
რუსული სამხედრო ბაზის მართვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამის ორგანოებს ეკუთვნით.
ინციდენტები რუსი სამხედროების მონაწილეობით
გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსების შემდეგ, მისმა სამხედრო მოსამსახურეებმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
1999 წელი — სროლა ბაზარში
14 აპრილს, ორი რუსი მესაზღვრე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, გიუმრის ბაზარში შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
2003 წელი — სროლა სამხედრო ნაწილის ტერიტორიასთან
11 ივლისს, რამდენიმე ახალგაზრდა ცდილობდა გიუმრიში განთავსებულ სამხედრო ნაწილში შეღწევას. მათ გზა გადაუკეტა რუსეთის სამხედრო ბაზის მორიგე ჯარისკაცმა, რასაც ჩხუბი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა. დაიღუპნენ გიუმრის მცხოვრებლები, არტურ პოღოსიანი და არმენ აროიანი. კიდევ ორი ადამიანი სროლის შედეგად დაიჭრა.
2015 წელი — ოჯახის ამოწყვეტა გიუმრიში
12 იანვარს ამოწყვიტეს ავეტისიანების ოჯახი გიუმრიში — 7 წევრი, მათ შორის ორი ბავშვი: ორი წლის გოგონა და ექვსი თვის ბიჭი. 13 იანვრის ღამეს, 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის საზღვრის გაკავეთას ცდილობდა. მან დანაშაული აღიარა. 2016 წლის 23 აგვისტოს გიუმრის სასამართლომ ის სამუდამო პატიმრობაში გაამწესა. სასჯელს პერმიაკოვი რუსეთში იხდის, და არა სომხეთში.
2018 წელი — სამხედრო წვრთნები სოფლად, მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე
17 ივლისს, 102-ე ბაზის სამხედრო ნაწილები ტანკებითა და სხვა ტექნიკით შევიდნენ შირაკის ოლქის სოფელ პანიკში. წვრთნები ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების გარეშე ჩატარდა. ისმოდა ავტომატების სროლის ხმა და აფეთქებები, რის გამოც სოფლის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი სახლები პანიკით დატოვეს.
2018 წელი — ხანდაზმული ქალის მკვლელობა
3 დეკემბრის დილას, გიუმრიში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, სასტიკი ცემის შედეგად დაიღუპა 57 წლის ჯულიეტა გუკასიანი. 11 დეკემბერს დანაშაულის ჩამდენი — რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურე — დააკავეს.