საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად შიო III აირჩიეს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
ახალი პატრიარქი ადის ანდრიას სამოციქულო კათედრაზე, რიგითი ნომრით, შიო III.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მიიღო 9 ხმა, ფაზისელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა, გაუქმდა 1 ხმა.
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.
როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.
57 წლის მიტროპოლიტი შიო მუჯირი უკვე ცხრა წელია ილია მეორის ოფიციალურ მემკვიდრედ მიიჩნევა. მისი ბიოგრაფია ბევრ რამეს ხსნის იმაში, რატომ იწვევს მისი კანდიდატურა ამდენ დავას.
ის თბილისში დაიბადა, კონსერვატორიის განათლება მიიღო, როგორც ჩელისტმა, ბერად აღიკვეცა შიომღვიმის მონასტერში, შემდეგ კი დიდი დრო მოსკოვში გაატარა. იქ ის ქართული თემის ტაძრის წინამძღვარი იყო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურებში სწავლობდა.
„მიტროპოლიტი შიო ხშირად იმეორებს რუსული კონსერვატიული ნარატივის პოსტულატებს. თუ ვნახავთ მისი ქადაგებების სერიას ქალის როლზე და შევადარებთ იმას, რაც რუსეთის ეკლესიაში ხდება, გამოჩნდება, რომ ეს პრაქტიკულად იდენტურია“, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
შიო მუჯირი
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს 2017 წლის ეპიზოდი. შიოს მოსაყდრედ დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში ჩამოვიდა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი – მაშინ პატრიარქ კირილის „მარჯვენა ხელი“ და, ფაქტობრივად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი. ამ ვიზიტსა და შიოს დანიშვნას შორის კავშირი ვარაუდების დონეზე რჩება, საპატრიარქო კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
მოგვიანებით თავად ალფეევიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: 2022 წელს ის თანამდებობიდან მოხსნეს, ხოლო 2024 წელს, ქონებასა და შანტაჟთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, დროებით ჩამოაშორეს ბუდაპეშტის ეპარქიის მართვას.
არის კიდევ ერთი ეპიზოდიც. 2023 წელს მოსაყდრის სისხლში „მძიმე მეტალები“ აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. გამოძიება დღემდე გრძელდება.
შიოს მხარდამჭერებისთვის მისი 20 ხმა ძალის მტკიცებულებაა. კრიტიკოსებისთვის – მყიფეობის ნიშანი.
„სინოდის თითქმის ნახევარი მოსაყდრეს მხარს არ უჭერს. ეს მყიფე უმრავლესობაა“, – ამბობს ონლაინგამოცემა “ტაბულას“ რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე.