თბილისის აეროპორტში კომპანია “სილქნეტის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა“ დააკავეს. შსს-ს ცნობით ბიზნესმენი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
“სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულის ბიზნესმენის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულს არ უნდა მიენიჭოს პოლიტიკური ელფერი, რადგან ეს იყო უბრალოდ დაუდევრობა და გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ხელბარგში შემთხვევით ჩარჩა.
ბიზნესმენ ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, დღის განმავლობაში წარუდგენენ.
გიორგი რამიშვილი “სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე ტელეკომპანია “ევრონიუს-ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიის – “სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
გიორგი რამიშვილის სახელს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილია ტრამპ თაუერის მშენებლობა და 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.
მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.
2014 წელს მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გიორგი რამიშვილმა დააარსა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოება
ბიზნესმენი ენმ-ს მმართველობისას, 2005 წელსაც იყო დაკავებული იარაღის ტარებაზე, თუცა საპატიმრო მალევე დატოვა, 2012 წელს კი “ნაციონალურ მოძრაობას” 120 ათასი ლარი შესწირა.