ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივი გადაწყვეტილებაა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიიღო, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული, კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში.
ეს ქმედება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების თანხმობისა და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის გარეშე განხორციელდა, მორიგი ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. – წერია განცხადებაში.
32 წლის შემდეგ მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. UVT Aero-ს ავიახაზების კომერციული თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში დაფრინდა.
თვითმფრინავს აეროპორტში, ოკუპირებული აფხაზეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბესლან ბიგვავა, ე.წ. პრემიერმინისტრი ვლადიმირ დელბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ.