გია ხუხაშვილის კომენტარი: ის, რომ ოცნება გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, სამშობლოს ღალატად მიმაჩნია
გია ხუხაშვილის კომენტარი
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ რაც გუშინ ტრამპისგან მოვისმინეთ, ეს წმინდა რუსული ნარატივია. მისივე თქმით, ის, რომ “ქართული ოცნება” გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, სამშობლოს ღალატად მიაჩნია.
ხუხაშვილის თქმით, ტრამპის განცხადებების ფონზე ვითარება შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ “ყველაფერი პოზიტივით დასრულდეს“. უფრო კონკრეტულად კი, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შედეგად “ევროპა გაიღვიძებს“.
გარდა ამისა, “ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „ავტორიტარიზმს პოლიტიკური ბულემია ახასიათებს, ის ჭამს ყველაფერს და მისი ამოცანაა, მოახდინოს ძალაუფლების აბსოლუტიზაცია“.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და ფაქტობრივად ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მან ზელენსკის უწოდა დიქტატორი, რომელიც არჩევნებს არ ატარებს.
გია ხუხაშვილი:
“ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც – გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. “წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა.
რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს.
როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. ევროპას აქვს თუ არა სურვილი, უწევს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება.
ვაკვირდებით, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო. ევროპას ძალიან ჯანსაღი, სწორი მიდგომები აქვს ამ ომის თემებთან დაკავშირებით. ევროპა თუ რეალურად შემოვიდა, როგორც დიდი მოთამაშე თავისი, როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ასევე სხვა ტიპის რესურსებით და თუ გადავიდა რეალურ მოქმედებებზე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება დემოკრატიის მომავალ განვითარებაზე აისახოს.
ერთი ელემენტია ის, რომ ევროპა იძულებულია, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იზრუნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ მხოლოდ უკრაინის დაცვის განცდა კი არ აქვს, არამედ საკუთარი თავისაც. რას ნიშნავს გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის: ევროპა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ საბოლოოდ და ბუნებრივია, ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს. მარტო ეს არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა ხდება ამერიკაში და რამდენად მაღალი შანსები აქვს ტრამპს ამ პოლიტიკის ასე გაგრძელების.
ამერიკული დემოკრატიაც გარკვეულწილად, სერიოზულ გამოცდას აბარებს, პრობლემები თვითონ ამერიკაშია. ასე ვართ მიჩვეული, რომ ამერიკაში პრეზიდენტია და მისი განცხადებები სამოქმედო გეგმის ტოლფასად მიგვაჩნია. პოსტსაბჭოთა სამყაროში ასე ხდება. საქართველოში, ბიძინა რომ რაღაცას იტყვის, შემდეგ ის აღსრულებაში მიდის. ამერიკაში ხომ ასე არაა?! ამერიკა ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის გადამწყვეტი და ერთადერთი არაა. ბევრი შემაკავებელი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია.
ტრამპის პარტიაში, უმრავლესობას არ მოსწონს განცხადებები, რასაც ტრაპი აკეთებს. როდესაც საუბრობს, რომ ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პუტინი მოლაპარაკების მხარე, ეს ხომ აბსურდია? რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე მძიმედ რეაგირებს. თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ეს თემა მის იმპიჩმენტამდე მივა. თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის “კოჭლი იხვი“ ხდება.“
ფაქტობრივად, “ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უკრაინას თავი კი არ უნდა დაეცვა, რუსეთისთვის კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა და უნდა მიეცა ყველაფერი, რასაც რუსეთი ითხოვდა. ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების მენტალურ სიმახინჯეზე. ისინი შინაგანად მზად არიან, რუსეთთან კაპიტულაცია გამოაცხადონ. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ღალატზე საუბრობენ ხშირად და ამავე დროს “ქართული ოცნება“ ოცნებობს, რომ ტრამპმა და პუტინმა რაღაცაზე მოილაპარაკონ რეალური პოლიტიკის ფარგლებში.
რეალური პოლიტიკა ნიშნავს სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებას. სამშობლოს ღალატია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს “ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ გავლენის სფეროებად. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად აღმოჩნდება საქართველო? საქართველო ბუნებრივად ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში, რადგან საქართველო ხდება რუსეთის გავლენის სფერო.
თუ ტრამპი ასეთ გარიგებაზე მიდის, საქართველო უკრაინასთან ერთად ხურდაში უნდა გაყვეს რუსეთის იმპერიას. ზუსტად ეს მიმაჩნია სამშობლოს ღალატად, როდესაც გულშემატკივრობ იმას, რომ ეს მოცემულობა შეიქმნას, ანუ, რეალური პოლიტიკის პრინციპებით წავიდეს ყველაფერი. უნდათ ამ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ გასამართლდებიან.
რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რაზეა წამსვლელი და რაზე – არა: სადამდეც საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ, ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულემია დაავადებაა, რასაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ არაა თანახმა.
ძალის დემონსტრირება იმისთვის სჭირდებათ, რომ ჰგონიათ, სისუსტის გამოვლინება მათთვის მთავარი საფრთხეა. ამაღლობელს რატომ არ უშვებენ? – ამაღლობელის გამოშვება სისუსტის გამოვლინება იქნება და კონსტრუქცია, რასაც აშენებენ, თავზე ჩამოექცევათ. ეს ყველაფერი უძლეველობის მითოლოგიაზე დგას.
შესაბამისად, არ აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ. ერთი პოლიციელიც არ დაუჭერიათ მაშინ, როდესაც მათთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. თავისიანის გაწირვით, ეშინიათ, ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ.“