ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია მიიღებს კანონპროექტს, “რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი”. მისივე თქმით, პარალელურად შექმნიან ფონდს “ქართველი ხალხის გავლენების გამტარებელი” საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად და ამისთვის ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.
“დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას.
ამიტომ, მის ნაცვლად მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ, მის სრულფასოვან ამოქმედებას”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ის კვლავ “საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, წნეხისა და ზეწოლის” კონსპირაციაზე საუბრობს და უფრო მკაცრი რეაგირებით იმუქრება.
“პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს და მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა”, – ამბობს მდინარაძე.
“ქართულმა ოცნებამ” მრავალთვიანი პროტესტის ფონზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი 28 მაისს უკვე მიიღო.