"ქართულმა ოცნებამ" ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შექმნა
“ქართულმა ოცნებამ” საგამოძიებო კომისია შექმნა
ქართული ოცნების პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით – “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
კომისიის შექმნას ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით იქმნება, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობის 6 თვემდე გახანგრძლივება.
რა უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
“2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:
– პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; – ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
– კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
– კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
– 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.”- ამბობს მდინარაძე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესაძლებლობას ასახელებდა, თუმცა მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.
ასევე, გასული წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ჯგუფმა ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობასთან“ ერთად მათი მხარდამჭერებიც უნდა გასამართლდნენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ იდეის განხილვას ოცნება არ აპირებს.