ბუნდესტაგის ფრაქციები: ვადასტურებთ მხარდაჭერას ქართველების ევროპული მისწრაფებების მიმართ
ბუნდესტაგის ფრაქციების განცხადება
ბუნდესტაგის ფრაქციებმა საქართველოში მიმდინარე პროტესტების ფონზე განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.
ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა ულრიხ ლეხტემ, ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა იურგენ ჰარდტმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა ნილს შმიდმა და 90/მწვანეთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა დებორა დიურინგმა.
რა წერია განცხადებაში
ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ იგი წყვეტს ევროკავშირთან (EU) გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე და არ მიიღებს ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას, საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” პარტიის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მათივე საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ დაპირებებს. ეს ნაბიჯი წარმოადგენს წინა ყველა ქართული მთავრობის პოლიტიკისგან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებებისგან გადახრას.
საქართველომ 2022 წლის მარტში სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ერთი წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ქართველები დიდი ხანია ელოდნენ. ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისა და რეფორმების შესრულებით გაწევრიანების პროცესის წინსვლის ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ, უფრო ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აირჩია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა სერიოზული ჩარევებისა და მანიპულაციების მრავალი ფაქტი დაფიქსირდა. მაგალითისთვის, არ დაუშვეს ეუთოს (OSCE) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.
საქართველოში პროტესტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათგან უმეტესობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. არსებობს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაძლიერების რისკი.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ქართველი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლის დასაცავად, რათა გააპროტესტონ ქართული ოცნების მცდელობა, ჩაშალოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მომიტინგეების დაკავება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც პატივს უნდა ცემდეთ. ყველა ძალადობის შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირებმა შესაბამისად პასუხი უნდა აგონ.
ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია და მრავალი მხარდამჭერი ღონისძიება უკვე შეჩერებულია ან აღარ დამტკიცდება.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას როგორც ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების, ისე მათი კეთილდღეობისა და დემოკრატიის სურვილის მიმართ. ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზას დაუბრუნდეს. ახლა უცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და გაძლიერების პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.