მეიდან TV-ს საქმეზე კიდევ 7 პირი დააკავეს
კვირას დააკავეს – მეიდან TV-ს საქმეზე 7 პირი დააკავეს.
აზერბაიჯანში კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემის, Meydan TV-ის თანამშრომლები მასობრივად დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ გამოცემასთან არ თანამშრომლობდნენ. როგორც ადრე დაკავებულ ჟურნალისტებს, მათაც ბრალად კონტრაბანდა ედებათ.
ჟურნალისტები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დაკავებები მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ეს არის მესამე მედია, სადაც მასობრივი დაპატიმრებები მოხდა. მანამდე “აბზას მედიის“ საქმეზე შვიდი, ხოლო “ტოპლუმის“ საქმეზე ორი პირი დააკავეს.
კვირას, 8 დეკემბერს, სასამართლოში გამოცხადდნენ ტელეკომპანია Meydan TV-ის თანამშრომლები და ორი დღის წინ დაკავებული მედიის რამდენიმე წარმომადგენელი. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია Meydan TV-ის თანამშრომლებთან დაკავშირებით – აინურ ელგუნეშ (გამბაროვა), ნატიგ ჯავადლი, ხაიალა აგაევა, აისელ უმუდოვა, აიტაჯ ტაპდიგი (ახმედოვა), დამოუკიდებელი ჟურნალისტი რამინ დეკო (ჯაბრაილზადე), ასევე ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორის მოადგილე ულვი ტახიროვა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს 206.3.2 მუხლით. (კონტრაბანდა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებულ პირთა ჯგუფის მიერ) აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის – აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა პატიმრობა ოთხი თვის ვადით.
ამ ბრალდებით მათ 5-დან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Meydan TV-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ადრეც იყო აღძრული. გამოცემის წინააღმდეგ პირველი საქმე ჯერ კიდევ 2015 წელს აღიძრა. იმისდა მიუხედავად, რომ გამოცემის თანამშრომლები და ჟურნალისტები გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტში არაერთხელ დაიკითხნენ, სისხლის სამართლის საქმის არსი არ გახმაურებულა. ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ მედიის ათობით წარმომადგენელს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
ელჩინ სადიგოვმა, აინურ ელგუნეშის ადვოკატმა განაცხადა, რომ “6 დეკემბერს პოლიცია შეიჭრა ჟურნალისტის ბინაში და წაართვა მათ კომპიუტერი და სხვა პირადი ნივთები ძალადობის გამოყენებით“.
“სასამართლოში აინურმა თქვა, რომ ისინი რეპრესირებულნი არიან გამოძიების და Meydan TV-ს კრიტიკული მასალების გამო” – განაცხადა სადიგოვმა.
აისელ უმუდოვას ადვოკატმა, აგილ ლაიჯმა განაცხადა, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და უკანონო“.
“აისელი ცუდ მდგომარეობაშია, მისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს როგორც ბაქოს საქალაქო პოლიციის სამმართველოში დაკავებისას, ასევე ხატაის რაიონის პოლიციის განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ჩვენ არ ვიცით, რომელ კონტრაბანდაზეა საუბარი აისელ უმუდოვასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყნიდან გამგზავრება დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო და კონტრაბანდაზე საუბარი ამ დროს სისულელეა. აკრძალვის მოხსნის შემდეგ იგი ყოველ ჯერზე ავსებდა საბაჟო დეკლარაციას, როცა საგანმანათლებლო მიზნით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა.” – თქვა ლაიჩმა.
დარჩენილი დაკავებულების ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების არჩევის საფუძველი და პირველადი მტკიცებულება არ არსებობს.
თითოეულმა ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავება მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.
ბაჰრუზ ბაირამოვის, ულვი ტახიროვის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს არაფერი აქვს საერთო ტელეკომპანია Meydan-თან.
“ისინი უბრალოდ ოჯახის მეგობრები იყვნენ აინურ ელგუნესთან. ტახიროვის სახლში ჩხრეკისას დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს. თუმცა, ტახიროვმა განაცხადა, რომ ფული ეკუთვნოდა მის მეუღლეს, როგორც გადასახადის გადამხდელს. მას აქვს კონტრაქტები მომსახურების გაწევაზე და იღებს ხელფასს შესრულებული სამუშაოსთვის. თავად ტახიროვს 2022 წლის შემდეგ საერთოდ არ უმოგზაურია საზღვარგარეთ.