"24 საათი ვიდგებით აქ" - ოპოზიცია თბილისის ცენტრის პარალიზებას იწყებს. მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები
წინააღმდეგობის მოძრაობა
“წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, მორჩა სეირნობა, სიარული,” – ამ სიტყვებით კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის პერმანენტული, 24 საათიანი პროტესტი დაანონსა.
თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან წყვეტი აქციის მონაწილეებმა უკვე გაშალეს კარვები.
- “ქართული ოცნება” 53.93% – ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. თავმჯდომარეს სხდომაზე შავი საღებავი შეასხეს
- “მოვახდინოთ იზოლაცია, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი” – დებატები EU-ში საქართველოს არჩევნებზე
გადაიკეტა ვარაზის ხევი – თბილისის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი. ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი.
„მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, – განაცხადა გვარამიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ გვერდით აქციას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები. „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ასევე მოუწოდებენ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ.
“ვიდგებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე,” – განაცხადა აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ.
კოალიცია ცვლილებებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიას ამბობს, რომ ის, რაც დღეს დაიწყო არის “წინააღმდეგობის მოძრაობა”
მისი თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი და მიზანმიმართული.
„24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია თანდათან გააცნობს მომიტინგეებს გეგმას. აქციაზე ითქვა, რომ ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ გააზრებული მოქმედებაა და ოპოზიცია ამ პროტესტისთვის მომზადებულია.
“ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
აქციაზე ასევე ითქვა, რომ აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ იქნება პროტესტის ერთადერთი ადგილი.
“ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს.
“რა თქმა უნდა, კულმინაციური მომენტი იქნება 25 ნოემბერი, როდესაც უნდა შეიკრიბოს ეს არალეგიტიმური პარლამენტი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიქნებით ბევრნი. ხალხი არის ერთადერთი წინააღმდეგობა და ხალხი არის ერთადერთი წამალი. 25-ში უნდა იყოს ამათი დასასრული, დასასრული თუ არა, დასასრულის დასაწყისი. დეკემბერი, ეს ერთი თვე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, დეკემბერში უნდა ვიდგეთ ერთად, რიგით ჯარისკაცად და ახალ წელს რუსული რეჟიმი აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში” – განაცხადა ოპოზიციის ლიდერ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.
აქცია პარლამენტთან და სტუდენტური მანიფესტი
ეს არ იყო ერთადერთი აქცია, რომელიც 17 ნოემბერს, საღამოს, თბილისის ცენნტრში მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროტესტის პარალელურად, საპრტესტო აქცია იმართებოდა საქართველოს პარლამენტის შენობასთან. პარლამენტთან აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიბრუნე შენი ხმას” მიერ იყო ორგანიზებული. ამ აქციაზე სიტყვით გამოდიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს და საუბრობდნენ იმ დარღვევებზე, რომელთა თვითმხილველებიც გახდნენ არჩევნების დღეს.
აქციაზე, რომლის ლოზუნგიც იყო “უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა“, ასევე ორგანიზებულად მივიდნენ სტუდენტები. მათ ერთობლივი სტუდენტური მანიფესტი წაიკითხეს. მანიფესტის თანახმად, ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს.
მანიფესტში წერია, რომ სტუდენტები უერთდებიან საერთო სახალხო პროტესტს და გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც, მათი სიტყვებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.
ისტორიული არჩევანი გაკეთებულია, საქართველო ყოველთვის ირჩევდა და ირჩევს ევროპას, წინსვლასა და განვითარებას, აღნიშნულია მანიფესტში. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და ყველა სტუდენტს მოუწოდებენ ერთობისკენ. მანიფესტს ხელს აწერენ საქართველოს 13 ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები: ილიას უნივერიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, GIPA-ს უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თსუ-ს შენობასთან კარვების გაშლა დაიწყო და უწყვეტი პროტესტი დაანონსა, პარლამენტთან შეკრებილებმა ოპოზიციურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს და მსვლელობით პარლამენტიდან უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.
საღამოს ცხრა საათისთვის უკვე მთლიანად იყო პარალიზებული თბილისის ცენტრი – მელიქიშვილის ქუჩა, ვარაზის ხევი, ჭავჭავაძის გამზირი.
ფეისბუკ ჯგუფში “დაიტოვე“, რომელიც გაზაფხულზე შეიქმნა მომიტინგეთა მხარდასაჭერად და მათი საჭიროებებისთვის და რომელიც 200 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მოქალაქეები წერდნენ, რომ მომიტინგეებისთვის მიაქვთ პლედები, საკვები და ცხელი სასმელი.