ეროვნული ბანკი: აშშ-ს სანქციები ჩვენს მოქალაქეზე ვრცელდება გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში
ეროვნული ბანკის განცხადება
ეროვნული ბანკი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, “საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი”.
ეროვნული ბანკი ასევე ირწმუნება, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით და საქართველო ამ დრომდე “არასდროს ყოფილა და არც მომავალში” იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად.
ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების წესში ცვლილება გასული წლის 19 სექტემბერს შეიტანა.
სებ-ის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილება დამატებით შეშფოთებას იწვევს.
სებ-ის განცხადება
“აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად.“ – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებაში ქართულ ბანკებს შეფერხება არ შეექმნებათ.
“მე ვიცი, რომ საქართველოს ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ეს განცხადება საბანკო ასოციაციამ გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას. ეროვნული ბანკის განცხადების იურიდიულ საფუძვლებზე მე ნუ მკითხავთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისოდ აქვთ აღებული. ამავდროულად ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა. საქართველოს ბანკებს სანქციების აღსრულებაში შეფერხება არ შეექმნებათ.” – ამბობს კაკაურიძე.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.