სახელმწიფო დეპარტამენტი: დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის სავიზო შეზღუდვები დაუწესდა დამატებით 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს
ბლინკენის განცხადება
საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს, – ამის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით შეშფოთებულია და საპასუხო დამატებითი ზომების განხილვას განაგრძობს.
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა – „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის.
ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის.
მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე.“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ “ხარებას” მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. ორივე მაღალჩინოსნის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ ძალადობას უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.
მანამდე, 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა და ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვის შესახებ გააკეთა განცხადება.
სავიზო შეზღუდვები შეეხო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე, ძალადობასა და დაშინებაზე.
5 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები Noble Partner-ი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დააინიცირეს.
31 ივლისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა ბლინკენს წერილი მისწერეს, სადაც ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვენ.