უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს
უკრაინაში მებრძოლი ქართველები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მოხალისედ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაკითხვა დაიწყო. მსგავსი შეტყობინება ჯერჯერობით სამმა ადამიანმა მიიღო – ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცეცაძემ და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტმა ლაშა ჭიღლაძემ. ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, სუს-მა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ომის ვეტერანი ბესო ბენდელიანიც.
როგორც უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა The The Insider-ს განუცხადა, საქართველოში უკრაინაში მებრძოლი 300-მდე ადამიანი იძებნება, მისივე თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. ამასთან, მამულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმალაძესა და ჭიღლაძეს არ იცნობს და ისინი, სავარაუდოდ, სხვა დანაყოფების შემადგენლობაში იბრძოდნენ.
დაკითხვაზე დაბარებები სუს-ში
“მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი.” – წერს ნადიმ ხმალაძე ფეისბუქზე.
მისივე თქმით, სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი მისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და უკრაინის მხარეს 2 წლიანი ბრძოლაა.
ტერორისტულ ქვეყანას რომ ვებრძვი, ტერორისტი ალბათ მე ვარ.
მოახლოებულია არჩევნები და მათ არ აწყობთ ჩემნაირი და ჩვენნაირი აქტიური ხალხი და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის კრემლის დაკვეთა.” – თქვა ხმალაძემ.
ჭიღლაძეს, როგორც სამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” იტყობინება, ბრალად ედება შეთქმულება ხელისუფლების წინააღმდეგ მათი დამხობის მიზნით, თუმცა რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში, გაურკვეველია, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია.
“ახლა მითხრეს, რომ ერთი წლის წინანდელ გადატრიალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათ ჰქონდათ კითხვები ამის შესახებ – დამისვეს მაშინ, როცა უკრაინიდან დავბრუნდი, ზოგადი კითხვები იყო.“ – განაცხადა ჭიღლაძემ ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში.
„ეს საკითხი პირდაპირ პოლიტიკურია. ლაშა დაიბარეს იმიტომ, რომ უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ.“ – თქვა მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
NEWSGEORGIA-ს ინფორმაციით, ჭიღლაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. უახლოეს დღეებში ხმალაძესაც იმავე ფორმატში დაკითხავენ.
რაც შეეხება ომის ვეტერან ბესო ბენდელიანს, მისი თქმით, ის არ აპირებს უახლოეს დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას იქამდე, სანამ არ გაირკვევა, კონკრეტულად რა საკითხზეა იგი დაბარებული სუს-ში.
“კომუნიკაცია გუშინ შედგა სუსის მხრიდან. მე დამიკავშირდა ამოუცნობი გამომძიებელი. მე მას ვკითხე სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რაზეც მისგან მივიღე დუმილი. ამიტომ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ხვალ ან უახლოესი დღეებში არ ვაპირებ სუსში მისვლას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული კონკრეტულად რა სახით ვარ დაბარებული საკითხთან დაკავშირებით
რაც შეეხება თემას ჩემს გარშემო, საკმაოდ ბევრი მეგობარია დაბარებული, თანამებრძოლი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვისაც აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინაში. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, მათ შორის, ამხანაგი ივანიშვილი, რომ ჩვენ, საქართველოს მეომრები, ვეტერანები, გამორიცხულია, შეგვაშინონ, გამორიცხულია, აგვაღებინონ ხელი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზე.
გამორიცხულია, ვეტერანები იღებდნენ ისეთ ქმედებებში მონაწილეობას, რაც იქნება ანტიკონსტიტუციური.” – თქვა ბენდელიანმა TV პირველთან საუბრისას.
ბენდელიანის ადვოკატის, თორნიკე ჩიქოვანის განმარტებით, საქმე გრიფით საიდუმლოს მიეკუთვნება, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ შეთქმულებას, ამბოხებას ან ძალადობრივი გზით შეცვლას გულისხმობს.
მამუკა მამულაშვილი: “მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების მსგავსი განვითარება”
“მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების მსგავსი განვითარება [უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] დევნა და ისინი ძებნილების სიაში შეიყვანა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა ჩვენი დაპატიმრების საფუძველი.
რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს ქვეყანა დაეტოვებინათ. სპეცსამსახურებმა მათ უთხრეს: ”აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ”.
არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომის არჩევნების შემდეგ, მოხალისეების ნაწილის ექსტრადირება რუსეთშიც მოახდინონ. მე უკვე გავავრცელე ინფორმაცია შეერთებულ შტატებში ქართველ მებრძოლებზე მომავალი საფრთხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი The The Insider-თან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გასულ წელს “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მამუკა მამულაშვილზე კი რუსეთის ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა.
წინაისტორია
მიმდინარე წლის 7 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გადატრიალების, “ევრომაიდნის” სცენარით გეგმავს. განცხადება СВР-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ის დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექსტი ოფიციალური განცხადებისთვის ზედმეტად მხატვრული ენითაა დაწერილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსულ მხარეს უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია.
დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება 2023 წლის სექტემბერში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. მაშინაც საუბარი იყო “ევრომაიდანზე” და “გარედან მომავალ საფრთხეებზე”, გადატრიალების კონკრეტულ ორგანიზატორებად კი დასახელებული იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში მომუშავე და უკრაინაში მყოფ ეთნიკურ ქართველები:
გეგმის ავტორად დასახელდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო;
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამ საქმის გამოძიების შესახებ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.