პროტესტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ - დღე მესამე. 100 ათასზე მეტი ადამიანი ქუჩაში - ვიდეო, ფოტო, ტექსტი
-
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს სადავო კანონპორექტის განხილვა
“ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.
მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას;
მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს”, – წერს მიტროპოლიტი წერილში, რომელსაც აქვეყნებს ფოთისა და ხონის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე.
-
შსს ადასტურებს აქციაზე ორი პირის დაკავებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორი მონაწილის დაკავებას ადასტურებს. უწყება ოფიციალური განცხადებით მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, “არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს - წერს ინტერპრესნიუსი
გამოცემა “ინტერპრესნიუსი” წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ სამართალდამცავებმა მიაწოდეს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასტან გადაინაცვლეს, აქციაზე ვითარება დაძაბულია.
პოლიცია აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების და შესვლის საშუალებას არ აძლევს
-
ნინო წილოსანის ირონიული პოსტი ფეისბუკზე
ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუკზე აქვეყნებს ფოტოს მინაწერით: “დღევანდელი აქციის როგორი სიმბოლური ფოტოა .. 😔 ისტორია პატრონსა და მის შინაურ ბინადარზე”
წილოსანი მიანიშნებს იმაზე, რომ ძაღლი “საქართველოა”, რომელიც პატრონს – “ევროკავშირს” საბმელით დაჰყავს.
-
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - შენობასთან პოლიცილები არიან მობილიზებული
მთავრობის კანცელარიასთან ხმაურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადმინისტრაციაში შესვლას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
მცდელობას პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია შეკრებილებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
-
ნიკა გვარამია - "უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა"
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.
„უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოლიციას, მთავრობის კანცელარიის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის მიმართულებით.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელმეორედ შემოიღო, ხალხის მოთხოვნა შეიცვალა და „არა რუსულ მთავრობას“ გახდა.
-
"გაიღიმე" - "აკრძალული სიმღერა" აქციაზე
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერის ავტორებმა – ირმა სოხაძემ და გია მაჭარაშვილმა აქციაზე მისი შესრულება აკრძალეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ხალხი მაინც მღერის “გაიღიმეს”.
მერაბ სეფაშვილის ეს ჰიტი საფეხბურთო გამარჯვების ჰიმნად იქცა.
-
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს გაფრთხილებებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი კიდევ ერთხელ ეხმიანება „აგენტების კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
„ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ეს კანონპროექტი, თუკი მიიღებენ, გამოიწვევს სტიგმატიზებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, და მედიისა, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის“, – განუცხადა მან 17 აპრილს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტიკა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, – აცხადებს იგი.
წყარო: რადიო თავისუფლება
-
ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობა პარლამენტთან. "TV მთავარის" კადრები
-
"მოვითხოვოთ დაგველაპარაკოს პრემიერ-მინისტრი" - აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ
მას შემდეგ, რაც „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გააჟღერა სამოქმედო გეგმა, დემონსტრანტებმა გადაინაცვლონ მთავრობის კანცელარიისკენ და მოითხოვონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, მონაწილეების ნაწილი კანცელარიისკენ დაიძრა.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ,ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
პარალელურად, კანცელარიის შენობასთან პოლიციამ და უსაფრთხოების რაზმებმა დაიწყეს მობილიზება.
შეგახსენებთ, 21:30-ზე აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი, გაიწვიოს კანონი უკან და ამ განცხადების გასაკეთებლად მისცეს ერთსაათიანი ვადა.
-
აქცია მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს - სამოქმედო გეგმა ცნობილია
22:30 საათზე გავიდა ულტიმატუმის ვადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა წაუყენეს ხელისუფლებას. ისინი ხელისუფლებისგან ელოდებოდნენ განცხადებას, რომ “ის უკან გაიტანს რუსულ კანონს”.
მას მერე, რაც გავიდა ხელისუფლებისთვის მიცემული ერთი საათი, აქციის წევრებმა ჯერ ერთად დაითვალეს ათიდან ერთამდე, შემდეგ კი გამოცხადდა სამოქმედო გეგმა: აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლონ და საკუთარი მოთხოვნები იქ გააჟღერონ.
“ტვ ფორმულას” ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე მიემართება კანცელარიის შენობისკენ. პარალელურად, იქ მატულობს პოლიციის რაოდენობა და ხდება შესასვლელების გამაგრება.
კადრში ჩანს მანქანებიც, რითაც სავარაუდოდ, მთავრობის წევრები ცდილობენ გავიდნენ კანცელარიიდან აქციის მონაწილეების მისვლამდე.
-
თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული, წერს ინტერპრესნიუსი
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება. უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან.
თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც. გარდა ამისა, სამართალდამცავთა მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.
როგორც ცნობილი ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე წუთში სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ .
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ არ აყვნენ პროვოკაციებს
აქციაზე შეკრებილებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ესკალაციები და ყველამ თავი შეიკავოს ვინმესთან დაპირისპირებისგან.
რუსთაველზე მიმდინარე აქცია დღეს არის სრულიად განსხვავებული. არის ძალიან ბევრი ხალხი. ისმის სიმღერები. ახალგაზრდები ცეკვავენ.
“ვერანაირი მოძრავი ან უძრავი ერთი კადრი ვერ ასახავს იმას, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება. ჩვენ უკვე შემდგარი ევროპელები ვართ, ძირითადად, ახალგაზრდების წყალობით” – წერენ აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში.
საეჭვოდ დაცლილია ტერიტორია პოლიციისგან. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს იყოს სპეციალურად, პროვოკაციებისა და სიტუაციის ესკალაციისთვის.
-
"დარჩა ნახევარი საათი! შემდეგ გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ელოდებიან ხელისუფლების განცხადებას, რომ ის უარს ამბობს რუსულ კანონზე. ხელისუფლებას მხოლოდ ნახევარი საათი დარჩა, ამ განცხადების გასაკეთებლად.
რადგან, აქციის მონაწილეებმა, მას, ულტიმატუმი – “გაიტანოს რუსული კანონი უკან” – დაახლოებით ერთი საათის წინ წაუყენეს.
ამ აქციაზე ულტიმატუმები და კონკრეტული მოთხოვნები არ იგეგმებოდა, მაგრამ, ეს მოჰყვა ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობას.
“ხალხი ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაჭიმული”
“რასაც ვხედავ, მერიოტამდე გადაჭედილია, იმის იქით რა ხდება არ ვიცი, ამდენი ხალხი მგონი მართლა არასდროს მინახავს აქციებზე, და ასეთი აქციებიც იშვიათად მახსენდება” , – წერენ აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში.სწორედ ამან შეცვალა აქციის ორგანიზატორების გეგმები და ისინი კონკრეტულ ულტიმატუმებზე გადავიდნენ.
-
"გაიტანეთ ეს კანონი უკან" - აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთი საათი მისცეს
” დღესვე გაიტანეთ ეს რუსული კანონი უკან”, – აქციის მონაწილეებმა ერთი საათი მისცეს “ქართულ ოცნებას” განცხადების გასაკეთებლად.
-
ფოტორეპორტაჟი ხალხმრავალი აქციიდან - დღე მესამე
უკვე მესამე დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ე.წ. “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებმა შეკრება 19:00 საათზე დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. დღეს აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციულად, მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. მსვლელობა გამართეს ბაიკერებმაც.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. შეგახსნეებთ, გუშინ, პოლიციამ, აქციაზე ათობით ადამიანს სცემა და აქციის 11 მონაწილე დააკავა
აგენტების კანონი, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
-
ხალხმრავალი აქცია თბილისში და არცერთი პოლიციელი ირგვლივ - რა ხდება პარლამენტის წინ
მედიისა და მომიტინგეების ცნობით, თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს, არცერთი პოლიციელი არ არის.
ასევე, ღიაა პარლამენტში შესასვლელი კარიც, რომელსაც წინა დღეებში საგულდაგულოდ კეტავდნენ.
მომიტინგეები ამბობენ, რომ ამ კარს ისინი თავად იცავენ, იმისათვის, რომ რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს. ერთ-ერთ კართან, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრები დგანან.
ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან, როგორც წესი, აქციებზე ყოველთვის დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
ასე ხდებოდა წინა დღეებშიც. გუშინ, 16 აპრილს, პარლამენტთან არამხოლოდ პოლიციელების, არამედ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა იყო ე.წ. რობოკოპებისაც. -
დღეს გვყავს ნამდვილი მეგობრები, ევროპული ქვეყნები, აშშ! ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ! - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
“ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი — ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები — ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები!
ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!
მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით — ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო!
მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს.
ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გამარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში!
ამიტომაც:არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!” – წერს ფეისბუქზე რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
-
პარლამენტთან განახლდა აქცია - „არა რუსულ კანონს!“
საქართველოს პარლამენტთან განახლდა აქცია „არა რუსულ კანონს“!
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.ე. წ. „აგენტების კანონს“ მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
Tbilisi now! People against government’s foreign agents bill pic.twitter.com/uhwaEcqbqY
— JAMnews (@JAMnewsCaucasus) April 17, 2024
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა, 83 ხმით კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.ე.წ. “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გავიდა ბათუმშიც. აქცია ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. მონაწილეებმა სიმბოლურად ევროკავშირის დროშა გაშალეს.
-
პრემიერი: სალომე ზურაბიშვილი არის უცხოური გავლენის აგენტი
“სალომე ზურაბიშვილი ვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ეს იყო პრემიერის პასუხი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ის ე.წ. “აგენტების კანონს” ვეტოს დაადებს.
“ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, უნდა დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად რეფერენდუმი იქნება ამ კანონთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.
კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. -
ირაკლი კობახიძე: ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი კანონპროექტის შესახებ
“უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძემ თქვა, რომ შოლცის, სტოლტემბერგისა და სხვების განცხადებებში, ე.წ “აგენტების კანონზე”, არგუმენტები არ იყო დასახელებული.
“დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს. არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი. ნული არგუმენტი. გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? – ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი”, – განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ელჩებმა “კეთილი უნდა ინებონ და ღია დისკუსიაში ჩაერთონ”.
კიდევ რა თქვა კობახიძემ ბრიფინგზე:
- ისევ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მისი ერთადერთი მიზანია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება.
- კვლავ გაიმეორა, რომ “გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები”. [შეგახსენებთ, მისი ეს განცხადებები არაერთხელ გააქარწყლეს არგუმენტებით დასავლელმა პარტნიორებმა_JAMnews]ახსენა ოპოზიცია.
- გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ოპოზიციას და ყველას, ვინც “აგენტების კანონპროექტს” აკრიტიკებს, არ აქვს არგუმენტები, რატომ არის ეს კანონი რუსული.
- ამავე ბრიფინგზე ილაპარაკა საქართველოში რუსეთის გავლენებზე. თქვა, რომ დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან და ეს “ქართული ოცნების” დამსახურებაა:
- “2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ – „ალტ-ინფო“, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები”, – თქვა პრემიერმა.
-
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო შენობასთან ასევე იწყებენ შეკრებას აქციის მონაწილეები.
ფოტოები: დავით ფიფია | ჯემნიუსი
-
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უცხოელ დიპლომატებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში კრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.
„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, „რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა“.
„პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.
ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი მიქაუტაძის სთორი
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა. “თქვენთან თქვენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათ … გელოდებით” – წერს ფეხბურთელი
-
პაველ ჰერჩინსკის კომენტარი აგენტების კანონის შესახებ
ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გავიზიარა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
დეპუტატების სია, ვინც მხარი დაუჭირა აგენტების კანონს
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა:
- ზაზა ლომინაძე
- დავით მათიკაშვილი
- სამველ მანუკიანი
- ლევან მაჭავარიანი
- ლევან მგალობლიშვილი
- მამუკა მდინარაძე
- ირაკლი მეზურნიშვილი
- გოგი მეშველიანი
- ირაკლი მეძმარიაშილი
- სავალან მირზოევი
- გივი მიქანაძე
- ზაალ მიქელაძე
- იმედა ნიკურაძე
- ანტონ ობოლაშვილი
- ბექა ოდიშარია
- ანრი ოხანაშვილი
- შალვა პაპუაშვილი
- გელა სამხარაული
- დიმიტრი სამხარაძე
- ნიკოლოზ სამხარაძე
- ვიქტორ სანიკიძე
- ეკა სეფაშვილი
- დავით სონღულაშვილი
- გიორგი სოსიაშვილი
- სოზარ სუბარი
- ალექსანდრე ტაბატაძე
- ნოდარ ტურძელაძე
- ირაკლი ქადაგიშვილი
- ლევან ქარუმიძე
- მერაბ ქვარაია
- სალომე ქურასბედიანი
- ალუდა ღუდუშაური
- მიხეილ ყაველაშვილი
- თენგიზ შარმანაშვილი
- ირაკლი შატაკიშვილი
- გიორგი ჩაკვეტაძე
- გოდერძი ჩანქსელიანი
- ქეთევან ჩარკვიანი
- ვასილ ჩიგოგიძე
- გიორგი ცაგარეიშვილი
- ბეჟან წაქაძე
- ნინო წილოსანი
- ხატია წილოსანი
- გრეტა წიწავა
- შოთა ხაბარელი
- გიორგი ხახუბია
- დიმიტრი ხუნდაძე
- ვიქტორ ჯაფარიძე
- სალომე ჯინჯოლავა
- გიორგი ბარვენაშვილი
- გია ბენაშვილი
- ირაკლი (დაჩი) ბერაია
- რიმა ბერაძე
- მაია ბითაძე
- ანზორ ბოლქვაძე
- ელისო ბოლქვაძე
- მაკა ბოჭორიშვილი
- ელგუჯა გოცირიძე
- ბექა დავითულიანი
- ალექსანდრე დალაქიშვილი
- ზაურ დარგალი
- ისკო დასენი
- ზაალ დუგლაძე
- გოჩა ენუქიძე
- გია ვოლსკი
- ირმა ზავრადაშვილი
- ირაკლი ზარქუა
- არჩილ თალაკვაძე
- ედიშერ თოლორაია
- რატი იონათამიშვილი
- ლადო კახაძე
- გიორგი კახიანი
- კახა კახიშვილი
- პაატა კვიჟინაძე
- ბაია კვიციანი
- ირაკლი კირცხალია
- სუმბატ კიურეღიანი
- ლევან კობიაშვილი
- რესან კონცელიძე
- მარიამ ლაშხი
„ხალხის ძალა“:
- დავით კაჭარავა
- გურამ მაჭარაშვილი
ევროპელი სოციალისტები:
- ავთანდილ ენუქიძე
-
დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, მისთვის ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია.
„ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე”, – აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო
აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. მათ შორის 72 ფრაქცია ქართული ოცნებიდანაა, ფრაქციის გარეშე – 1, ხალხის ძალიდან – 9 და ევროპელი სოციალისტებიდან კი 1 დეპუტატია.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
– კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
– მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
– მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.
წყარო: რადიო თავისუფლება
-
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას, თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა.
პარლამენტის სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატები შეძახილებით შეხვდნენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატები მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”.
სიტუაციის განმუხტვის საბაბით, შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან ჯერ ხაბეიშვილი და ვაშაძე გააძევა, შემდეგ ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
“ევროპასთან ახლოსაც კი არა ხართ თქვენ თქვენი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ და კანონის მიმართ. რა გინდათ თქვენ საერთოდ ევროპაში, რა ევროპაზე საუბრობთ? წიგნებს კი არ კითხულობთ, აბრახუნებთ მაგიდაზე. ეგ არის თქვენი ევროპა? საუბარი და მოსმენაა ევროპა თუ ბრახა-ბრუხი, რაც გაქვთ ატეხილი აქ”, – ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენების შემდეგ და სიტყვა თანაგუნდელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს გადასცა.
წყარო: ნეტგაზეთი
-
პრეზიდენტი უცხოელ დიპლომატებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან.
ორბელიანების სასახლეში საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები უკვე მივიდნენ.
განსახილველი საკითხი სავარაუდოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტსა და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
წყარი: ინტერპრესნიუსი
-
სააკაშვილი ოპოზიციას: გთავაზობთ ერთიან სიას, ტექნოკრატიულ მთავრობას, გარდამავალ პერიოდს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი სიის შექმნასა და არჩევნების შემდეგ გარდამავალი პერიოდის აღებას სთავაზობს.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ახლა ყველამ გვერდით უნდა გადადოს პირადი წყენები და ამბიციები იმისათვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთიანი სია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ, არამედი ნეიტრალურ პარტიაზე უნდა შეიქმნას.
“პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. 2020-შიც ვუჭერდი მხარს. ერთიანი სიის შექმნა შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, ამ მთავრობის წინასწარ გამოცხადებას, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე. გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე…
ახლა ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ყველანაირი ცხვირაწეულობა, წყენა… ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ნაციონალური მოძრაობა მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე.
რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. უახლოეს პერიოდში უნდა ვიმუშაოთ საერთო სიაზე და მაინც მგონია, რომ ამჯერად აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს”- თქვა სააკაშვილმა.
წყარო: ფორმულა
-
ფეხბურთელების პოსტების ფეხდაფეხ ფეისბუკზე სტატუსს წერს კახა კალაძე. "რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა!"
მას შემდეგ, რაც აგენტების კანონის წინააღმდეგ და მომიტინგეთა მხარდასაჭერად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნეს, ფეისბუკზე სტატუსი დაწერა თბილისის მერმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემაც და ფეხბურთელების გზავნილების მისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა:
“ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა!” – წერს კალაძე.
“რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში” – წერს კალაძე.
დადებიდან 10 წუთში კალაძის პოსტს ათას ხუთასამდე რეაქცია აქვს და უმრავლესობა არის haha.
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტის სხდომათა დარბაზს ტოვებს
“ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ – ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით, დღეს, ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება.
“ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით დღეს ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს. არ დარჩა არც ერთი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თქვენ არ გეწინააღმდეგებათ. თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კიდევ გაიძახიან, რომ ეს ეს კანონი არ არის რუსული. ხოდა, დაუჭირეთ მხარი თქვენივე ჯგუფს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ეს კანონი კანონი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
-
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია: სამწუხაროა, რომ დანაწევრებულ ერს ვხედავ - წინ, ერთად ევროპისკენ!
-
ილია თოფურია: მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს
ევროპისაკენ სწრაფვით,ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში UFC-ის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია.
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო.
როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.
გაბუნიას თქმით, აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო
-
პლენარულ სხდომა დაიწყო, სიტყვით ოპოზიციონერი დეპუტატები გამოდიან, კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიან
დღეს, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის ე.წ. აგენტების კანონს.
სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება კანონპროექტის განხილვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სხდომის გახსნის წინ.ამჟამად პლენარული სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები გამოდიან. ამის შემდეგ მიკროფონთან უმრავლესობის წევრები გამოვლენ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
-
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები რუსული კანონის წინააღმდეგ
გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, შოთა არველაძე აგენტების კანონის წინააღმდეგ პოსტებს აზიარებენ.
-
ხვიჩა კვარაცხელიას ინსტაგრამ-სთორი: საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის
-
მედვედევი: თბილისის პროტესტების უკან "ჰოლივუდის ხელი ჩანს"
უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან „კარგად ნაცნობი ჰოლივუდური ხელი“ ჩანს, დაწერა დმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე.
საქარეთველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა.
“თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე მსჯელობა ქუჩის დაპირისპირებასა და მხიარულ ქართულ საპარლამენტო თავპირტისმტვრევაში გადაიზარდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის უკან არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.
მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ ეს კანონპროექტი თურმე „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა”.შემდეგ მედვედევი იხსენებს, რომ პროტესტი მოჰყვა ერთი თვის წინ ყირგიზეთში აგენტების შესზახებ კანონის მირებას და იქაც სიტუაციის არევაში დასავლეთს ადანაშაულებს.
მედვედევმა ასევე მოუწოდა რუსეთის მთავრობას, მიბაძოს შეერთებული შტატების მაგალითს – დააწესოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხოელი აგენტებისთვის და თანდათან გაზარდოს უცხოელი აგენტების რაოდენობა ათასებამდე, როგორც ამერიკაშია.
„ჩვენი საცოდავი ასეულები რა არის [ამერიკის ათასებთან შედარებით]. ხომ გვყავს [უცხოური აგენტებობის] ღირსეული კანდიდატები. უკეთ ეძებეთ! – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
-
შალვა პაპუაშვილი: როცა პარლამენტს არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არ მიიღოს, არ არის სწორი. ხელისუფლების მესიჯბოქსი
პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონი და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პარლამენტს არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არ მიიღოს, არ არის სწორი.
ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ოპონენტებისთვის არგუმენტების უქონლობის დაბრალება სახელისუფლებო პროპაგანდის გენერალური ხაზი და შეთანხმებული მესიჯია, რომელსაც ხელიისუფლების წარმომადგენლები ერთხმად იმეორებენ.
გადავხედოთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს:
პაპუაშვილი: როცა პარლამენტს არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არ მიიღოს, არ არის სწორი.ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციები არის ძალიან სუსტი, აიჭრნენ და გადავიდნენ დესტრუქციაზე, იმედია, ხვალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ეს პროცესი.
ირაკლი კობახიძე: ვერც ერთ ფორმატში, ვერც ერთი ღირებული არგუმენტი ვერ იყო წარმოდგენილი
მაკა ბოჭორიშვილი,პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობამ რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას”.
კახა კალაძე, თბილისის მერი: ამდენი დღის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროპას, ევროკავშირში გაწევრიანებას. რამეს არღვევს? ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თუ რატომ არის პრობლემა? ერთი არგუმენტი ხომ შეიძლება წარმოადგინონ? ხომ შეიძლება ახსნა? ვერავინ ხსნის ამ ყველაფერს. არგუმენტები არ გააჩნიათ და იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო. აბსოლუტურად გაუგებარია და სრული სიგიჟეა.
ჩვენს ქვედა პოსტში შევკრიბეთ ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული მასალები, სადაც კონკრეტული არგუმენტებია ჩამოწერილი, თუ რატომ არის კანონი რუსული.
-
რატომ არის ეს კანონი რუსული - არგუმენტები/ მნიშვნელოვანი მასალები ქართული ონლაინ მედიიდან
ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარებში მუდმივად იმეორებენ, რომ “აგენტების კანონის” კრიტიკოსებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, ვერ მოჰყავთ კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული.
ეს რომ ასე არ არის, ამას ის მრავალრიცხოვანი მასალები მოწმობს, რომლებიც უკვე ერთ წელზე მეტია ქართულ მედიაში ვრცელდება. ჟურნალისტები დეტალურად, კონკრეტული არგუმენტებით ხსნიან “აგენტების კანონის” მავნებლობის არსს.
თუკი ვინმეს მართლაც სჭირდება დამატებითი არგუმენტები წაიკითხეთ JAMnews-ის ეს ტექსტი, სადაც გიყვებით, რა წერია კანონში და რატომ არაფერი აქვს საერთო მას ამერიკულ და ევროპულ ვერსიებთან. ასევე ნახეთ ჩვენი კოლეგების მნიშვნელოვანი მასალები ამ თემაზე: რადიო თავისუფლების ეს მასალა დაწვრილებით სცემს პასუხის ყველა კითხვას, პუბლიკის სტატია, პროექტ “64” ვიდეო, JAMnews-ის ტექსტი იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს კანონი სხვა ქვეყნებში, ნეტგაზეთის ტექსტი – რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი, on.ge-ის მოკლე და მარტივი ახსნა.
-
"კარგად ვარ, ტვინის შერყევა მაქვს" - ამბობს დიმიტრი ბერიძე, რომელიც პოლიციამ წააქცია და სცემა
ახალგაზრდა დემონსტრანტი დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს. პასუხი კითხვაზე, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიციელების მხრიდან ცემის შემდეგ, მან რადიო თავისუფლებას გამთენიისას მისწერა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.
წყარო: რადიო თავისუფლება
-
აქციის მონაწილე, რომელსაც ოჯახი ეძებდა ბოკერიას სახელობის კლინიკაშია
ახლობელბის ცნობით, იპოვეს აქციის მონაწილე, თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც გუშინდელი ღამის შემდეგ ოჯახი ეძებდა. მარუაშვილის ბიძაშვილმა “მთავარ არხს” უთხრა, რომ 29 წლის ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამატებითი ინფორმაცია და ის, თუ რა დაზიანებები მიიღო მან, ამ ეტაპზე უცნობია.
ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად უსწორდება.
-
და აი ისიც - ბუდუ ზივზივაძის პროტესტი "რუსულ კანონს" :)
-
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამ დრომდე გაკავებულია
ამ დრომდე დაკავებულია პარტია “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე, რომელიც პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავა. როგორც პარტია “ლელოს” ოფიციალურ განცხადებაშიოა ნათქვამი, პოლიციამ კუპრაძე უკანონოდ დააკავა. “პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, უმეტესობა ნაცემია,” – აღნიშნავენ პარტიაში.
ამ ვიდეოში ჩანს, ირაკლი კუპრაძის დაკავების მომენტი. მას ხელები მაღლა აქვს აწეული:
ფოტო: ლელოს ფეისბუკგვერდი
-
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პოზიცია
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციებში მონაწილე ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ელიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ფეისბუკპოსტები მოწმობს. ამიტომ, არ არის გასაკვირის, რომ ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის ინსტაგრამ სთორებმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
-
როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას "უცხოური გავლენის კანონი" - მაგალითები რამდენიმე ქვეყნიდან
-
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, აქციაზე დაკავებულებს მოინახულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა დაკავებული ნაცემია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
პარლამენტთან პროტესტი 12:00 საათზე განახლდება
სწორედ ამ დროს იწყება პარლამენტის პლენარულუ სხდომა, რომელიც გუშიბნ 21:00 საათზე შეწყდა და სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაგრძელდება. სავარაუდოდ, განხილვის შემდეგ, კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღესვე უყრიან.