ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს
ოლაფ შოლცი რუსულ კანონზე
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ე.წ. რუსულ კანონს არ მიიღებს.
“ჩვენ როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღისწესრიგში. ახალი კანონპროექტი თითქმის არ შეცვლილა და ის იგივეა, რაც შარშანდელი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.” – აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ “ის აღარ დადგებოდა” დღის წესრიგში.
“ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
“ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა TV IMEDI-s კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა “ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა “სრულიად სხვა კონცეფციაა.”
“ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა შოლცმა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ კანონის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობაა. მისივე თქმით, ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების საჯაროობა ცუდად აისახება ორგანიზაციის საქმიანობაზე.
“ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია, ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობოების მხრიდან.
ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე, თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის და შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს არის ფინანსების ყოველწლიურის გასაჯაროება ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.
გამომდინარე აქედან მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შესაბამისი დისკუსია თუ წარიმართება, რაც პირველ წელს ამ კანონის განხილვისას არ მომხდარა, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია.” – აღნიშნა კობახიძემ.
● სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
● “ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის ევროპული, არ არის ამერიკული” – ევროკავშირის ელჩი
● აშშ-ის ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა – კარგია თუ არა
ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებზეც:
“ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს, ეს ეხება არამარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშაა და სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამას გავუსვათ ხაზი, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით.”
ასევე, გერმანიის კანცლერის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. შოლცი ხაზგასმით ამბობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები “საფუძველი იქნება” კანდიდატის სტატუტის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის.
___
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.