სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ლაზარე გრიგორიადისის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის მარტში დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ლიკა ბითაძე აღნიშნავს, მას არ აქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
“ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი,როგორც დაცვის მხარე ვარაუდობდა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში [გავასაჩივრებთ], ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა სააპელაციო სასამართლოც ჩვენი ვარაუდით დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას,თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე.” – თქვა ბითაძემ.
გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოსალოდნელი განაჩენი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
“ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რომელიც გაუკეთებია”, – თქვა მან ჟურნალისტებთან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
● “ამერიკელების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში” – პარლამენტის თავმჯდომარე დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ
● “რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება” – კომენტარი
● სომხურმა არასამთავრობოებმა მხარი დაუჭირეს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას „რუსული კანონის” წინააღმდეგ
ლაზარე გრიგორიადისის საქმე
31 მარტს ზუსტად ერთი წელი გახდა, მას შემდეგ რაც 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაშია. გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც დაკავებულია.
2023 წლის 7-9 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი მიტინგები მიმდინარეობდა ე.წ. “აგენტების რუსული კანონის” წინააღმდეგ.
გამოძიება გრიგორიადისს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადებას ედავება – მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდების ვერსიით, 9 მარტს გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
ლაზარე გრიგორიადისი ერთი წელია გლდანის ციხეშია. პატიმრობაში მას 22 წელი შეუსრულდა.
გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. თუმცა, ამავე დროს, მათ იმედი აქვთ, რომ ლაზარე გრიგორადისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს.
ჯერ კიდევ საქმის არსებით განხილვამდე “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე გრიგორიადისის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდნენ. სასამართლომ არ მიიღო გრიგორიადისის სარჩელი კობახიძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა მათი განცხადებების გამო, რომლებშიც ისინი ბრალდებულის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
კადრებში, რომელსაც იყენებს პროკურატურა გრიგორიადისის წინააღმდეგ, ჩანს ადამიანი პირბადით, თავზე კეპით და კაპიუშონით – ვიზუალურად გროგორიადისი არაიდენტიფიცირებადია. თავად გრიგორიადისი და დაცვის მხარე ამტკიცებენ, რომ მას არ უსროლია მოლოტოვის კოქტეილი.
ექსპერტს, რომელმაც ვიდეოში გრიგორიადისი ამოიცნო და “კატეგორიული დასკვნა” დაწერა, რომ ეს გრიგორიადისია, ორწლიანი გამოცდილება აქვს ამ საქმეში მუშაობის.
„მე შემიძლია, პიროვნებას მარტო ყური უჩანდეს და ამაზე დავწერო კატეგორიული დასკვნა,” – ასეთი მაგალითი უთხრა სასამართლოს ექსპერტმა გივი ჩიბირაშვილმა საკუთარი პროფესიონალიზმის საილუსტრაციოდ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ გროგორიადისი ხელისუფლებამ განგებ “აირჩია” დამნაშავედ. რადგან ის კარგად შერჩეული მსხვერპლია სახასიათო გარეგნობის, ტატუების, (არაქართული) გვარის და წარსულში ნასამართლეობის გამო.