"მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის!" - ოპოზიცია რუსული კანონის ხელახალ ინიციირებას ეხმაურება
ექსპერტები რუსულ კანონზე
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხი არ მისცემს ნებას, რომ საქართველომ რუსული კანონი მიიღოს. მათი თქმით, ამ ინიციატივას კვლავ მასობრივი პროტესტი მოჰყვება.
ხმაური იყო პარლამენტშიც: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მანდატურებს ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ ის ანტიქართული პროპაგანდას ეწევა.
ოპოზიციონერების კომენტარები
ალეკო ელისაშვილი, პარტია “მოქალაქეები”: “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ! ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა!”
ანა ნაცვლიშვილი, პარტია “ლელო”: “ქართული ოცნება” ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს მაშინ, როდესაც თქვენ,მ ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაცხადებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ. აუცილებლად მივალთ იქ, თუ ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას და დარჩეს წარსულში.”
ანი წითლიძე, “ნაციონალური მოძრაობა”: “ივანიშვილის პარტიის მიერ “რუსული კანონის” ხელახლა დაბრუნებამ პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. “რუსული კანონის” ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ “რუსული კანონის” შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა სურს, რომ ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში.”
რომან გოცირიძე, “ევროოპტიმისტები”: “ეს არის რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონი, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წინ უძღოდა სხვა კანონებიც, მათ შორის საარჩევნო კანონების შეცვლაც. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც აბრუნებს ქუჩაში რუსულ კანონს და ქუჩაშივე გამოსული ასი ათასობით ხალხი მიუჩენს ამ პარტიას ისტორიულ სანაგვეზე ადგილას. არავის ამათი გაქაჩვების არ ეშინია, არავის.”
გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი”: “რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ – „თავი დაგვანებეთ”. მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან.”
ნიკა გვარამია, პარტია “ახალი”: “დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.”
თეონა აქუბარდია, დამოუკიდებელი დეპუტატი: “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.”
ხატია დეკანოიძე, “ევროოპტიმისტები”: “ქართულმა ოცნებამ” კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა პარლამენტში. მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ვინც არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში – ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკანსვლის საშუალება.”