ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ვრცელი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე საათში პოსტი აღარ იძებნება
ზურაბ აზარაშვილის პოსტი
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებდა და “მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების” შესახებ საუბრობდა, თუმცა რამდენიმე საათში პოსტი აღარ იძებნება.
რა ეწერა აზარაშვილის პოსტში
ყოფილი მინისტრი წერს:
● სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
● კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა.
● ხმაურის ფონზე დავნერგეთ წამლებზე რეფერენტული ფასები, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
● ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, დასაქმება და სხვა პრიორიტეტები
● ჯანდაცვის სამინისტრო: აფთიაქების ნაწილმა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასი ხელოვნურად გაზარდა
● “დედა თითქოს პატარა გოგო იყო, ასე გრძნობდა თავს”. როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები დემენციით
● თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება. რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350 000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები.
● პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.
● გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.
● ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება.
● დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა.
● ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ წარმოებდა წამლის და სამედიცინო მოწყობილობების კვლევა ადამიანებზე, რაც შესაბამისი ჩარჩო რეგულაციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწესრიგდა. კვლევის ნებართვაზე გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია იღებს.
● მასშტაბური პროტესტი იყო სუროგაციის შეზღუდვის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი.
● მომზადდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინოს სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რეგულაცია. ეს კანონი მოაგვარებს უხარისხო სამედიცინო მოწყობილებების და მასალების ბრუნვას ქვეყანაში.
● რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა.
“ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.” – წერდა აზარაშვილი.
“აზარაშვილმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა” – გამოხმაურება
ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა – სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა, – ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძის თქმით, ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.
“აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა”, – წერს საკუთარ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას “მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს” უკავშირებს. ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.
შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ “მძლავრი დაჯგუფებების” ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.
სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა.” – წერს გოცირიძე.