22 წლის ქართველ მებრძოლს რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახი დახმარებას ითხოვს
მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა დალი ჩხაიძე დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, შვილის სამუდამო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია Telegram არხებიდან გაიგო და ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან მას არავინ დაუკავშირდა.
რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და “აზოვსტალი” მხოლოდ ქარხნის დატოვებისა და ტყვედ ჩაბარების შემდეგ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაწერელიას პატიმრობა ანექსირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა.
ქართველ მებრძოლს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მოკვლა, ამასთან ყველანაირი მოლაპარაკების მცდელობა რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლისა, უშედეგო აღმოჩნდა.
მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლია, მან 2022 წელს გაწყვიტა კონტრაქტი, უკრაინაში გაემგზავრა და მალე უცხოური ლეგიონის წევრი გახდა.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას მამუკა გაწერელიას დედა ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც მისი შვილი რუსეთში ტყვედ ჩავარდა. მისი თქმით, სამინისტროში მაშინ უთხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობდა და დეტალებს შეატყობინებდნენ – ის ამბობს, რომ სამინისტროდან 4 დღის წინ მიიღო პასუხი და უთხრეს, რომ “საქმე განხილვაშია.”
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ მოქმედებას, მამუკა გაწერელიას დედამ უპასუხა, რომ “ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ იხსნას მამუკა ციხიდან”. დედა იხსენებს იმასაც, როგორ გაემგზავრა მისი შვილი უკრაინაში, როგორ მოხვდა მარიუპოლში და ჩავარდა რუსების ტყვეობაში.
● საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში დატყვევებული ქართველების თემას ეხმაურება
● რუსეთმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ძებნილთა სიაში შეიყვანა
● უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის ჩართულობას
“თვითმფრინავით გადაფრინდა იქ, მარიუპოლში მოხვდა. იქიდან ერთხელ დამირეკა, აქ ერთი ამბავიაო მითხრა და დედა, თუ რამე, მაპატიეო. მხნედ იყავი მეთქი ვუთხარი, ძლიერი ბიჭი ხარ და არ შეშინდე მეთქი, მაგრამ არ ეშინოდა, არ არის მშიშარა ბავშვი. მერე 18-ში უბრძანეს, რომ ტყვედ ჩაბარებულიყვნენ და ჩაბარდნენ. ტყვედ როცა ჩაბარდა, 27 სექტემბერს დამირეკა და მერე უკვე აღარ.
ციხიდან დამირეკა, მითხრა, ხვალ სასამართლო მაქვს და არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო, იქიდან კარნახობდნენ [რა უნდა ეთქვა]. მითხრა, რომ ქართველებზე ყველაფერი იციან. […] გუშინ გავიგეთ, რომ სამუდამო მიუსაჯეს.” – ამბობს მამუკა გაწერელიას დედა.
“უკრაინა რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? იქ იბრძვის” – ქართველი დეპუტატი რეაქცია
“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, პრორუსული “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მამუკა გაწერელიას ეხებოდა.
მაჭარაშვილის აზრით, რადგან გაწერელია უკრაინაში იბრძვის, ამ საკითხზე რუსეთს უკრაინის ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს.
“უკრაინაში იბრძვის ეს ადამიანი და უკრაინის ხელისუფლება რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? თქვენ კარგად იცით, რომ ეს საკითხი არის ისეთი საკითხი, რომელიც არაერთხელ იქნა განხილულ. ამიტომ ასეთ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხები არ იქნება ჩვენი მხრიდან. ის, რომ ჩვენ სამხედრო ინტერვენციაში არ ჩავერთვებით უკრაინაში, ეს დადასტურებულია. ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წერების მხრიდანაა დადასტურებული, რომ ისინი არ აპირებენ სამხედრო ინტერვენციაში ჩაერთონ უკრაინაში და თქვენ გინდათ, ასეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და ასევე, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული, რომ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ და ეს არ იქნება.” – თქვა მაჭარაშვილმა.