"ერთადერთი, რაც შეიძლება რუსეთთან შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან" - პრეზიდენტის ინტერვიუ Deutsche Welle-სთან
ზურაბიშვილის ინტერვიუ Deutsche Welle-სთან
ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო – რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. ინტერვიუ გერმანულ მედიასთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა ჩაერიოს 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.
● “რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში” – ზურაბიშვილის გამოსვლა მიუნხენში
● “კითხვების მთავარი ადრესატი ივანიშვილია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას” – პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტს
● რა იყო ეს? – ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტს აფასებენ
“არ მგონია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს.
“ისევე როგორც ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც არის შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ იცოდნენ, რომ ამაზე [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] ქართველი ხალხის სრული კონსენსუსი არსებობს და ასეა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან.
ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და ეს არასოდეს შეცვლილა. არც მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებული და დაპყრობილი იყო და არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რა არის მთავარი საკითხი, რითაც ის მიუნხენში ჩავიდა, პრეზიდენტმა უპასუხა:
“მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს.
როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბოლო ორ საუკუნეში სამჯერ მოხდა), როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს.“
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, ევროპამ რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევრო გამოყო და იმავეს ელიან ამერიკის კონგრესისგან.
“ვფიქრობ, სწორედ ამის სათქმელად იყო აქ პრეზიდენტი ზელენსკი. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის, მაგალითად, შავი ზღვა მთავარია, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ეს ასევე ევროპის საკითხიცაა.
შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მომავალ გეგმებზე, სტრუქტურული ინვესტიციების უფრო მეტად გაფართოებაზე, რითაც უნდა დაუკავშირდეს [ევროპა] დანარჩენ ცენტრალურ აზიას, რომელიც რესურსების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქ ბევრი რამ არის სასწორზე.“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
● მოსაზრება: ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი
● ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზეც და აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვისაც ეგზისტენციალურია.
“ჩვენ შიგნით, ვგულისხმობ საქართველოს, რეფორმების ასაჩქარებლად მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ყველას ერთად არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთსულოვნად, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და დავდგეთ დღეს იმ ავტოკრატიების ალიანსის წინააღმდეგ, რომლებიც ტერორიზმსა და კიბერთავდასხმებს აღვივებენ. ყველა საფრთხე ერთი მიმართულებიდან მოდის.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.