სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან ძალადობრივი ჯგუფის წევრები მივიდნენ და ემუქრებიან
სტალინის ხატი სამების ტაძარში
სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრები აქციას მართავენ და მას ემუქრებიან. მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც მათ სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ძალადობრივ ჯგუფებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.
ნატა ფერაძის სახლთან ალტ-ინფოს წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აქტივისტმა სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხა.
თავად ნატა ფერაძის თქმით, ეს არის “პეპლის ეფექტი” და ძალადობრივი ჯგუფების გაღიზიანება რუსული ხატის ე.წ. შეურაცხყოფით ლოგიკურია. ის მადლობას უხდის პოლიციას და ამბობს, რომ შსს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ართმევს თავს და არ აძლევს მოძალადეებს მის სახლთან მიახლოების საშუალებას.
აქციასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საპატრიარქომ “ვანდალური აქტის” გამო მედიისთვის სამებაში შესვლა 2 დღით შეზღუდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 10-11 იანვარს სამების ტაძარში მედიის წარმომადგენლების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იზღუდება. განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გუშინ მომხდარი “ვანდალური აქტია” დასახელებული.
“გუშინ [9 იანვარს] სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
წინაისტორია
6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ჩანს რუსი წმინდანის – მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე იოსებ სტალინია გამოსახული.
“ბელადს” თავისი ცნობილი კიტელი აცვია და თმა და ულვაშებიც ტიპური აქვს. ანუ მისი გამოცნობა ხატზე ადვილად შეიძლება.
ამ ვიდეომ ფეისბუკის ქართულ სეგმენტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხალხი სისხლიანი ტირანის ეკლესიაში გამოჩენას სასტიკად აპროტესტებდა და ითხოვდა განმარტებას, თუ საიდან და რატომ გაჩნდა ხატი ეკლესიაში.
ამ ფონზე პირველი კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ 7 იანვარს, შობა დღეს გააკეთა. მან განაცხადა, რომ რუსი წმინდანი მატრონას ხატი რამდენიმე თვეა სამებაშია, მაგრამ ხატზე სტალინის გამოსახულების თემის წამოწევა სპეციალურად შობას დაამთხვიეს, რათა “შობის დღესასწაული გადაეფარათ”.
აღმოჩნდა, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების საკათედრო ტაძარს პრორუსული პოლიტიკური ძალის, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელობამ შესწირა. ამის შესახებ მათ თავად განაცხადეს.
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკითხს ფეისბუკზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ საპატრიარქოს პასუხი, რომ თითქოს ხატზე სტალინ როგორც ბოროტება ისეა გამოსახული, შეგნებული ტყუილია.
თეოლოგი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში აღმოჩნდა, რომელზეც თან გამარჯვებული სტალინია გამოსახული, ქართული ეკლესიის “უკიდურეს დეგრადაციაზე” მეტყველებს.