როგორი რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას პუტინის განცხადებაზე ფრენების შესახებ
ხელისუფლების რეაქცია პუტინის განცხადებაზე
საქართველოს პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრობდა, რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” გულისხმობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.
“ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, მადლობა, კარგია. არა, რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა ამ საკითხზე. ძალიან უცნაურია. და უბრალოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელი. როცა ვუყურებ გვერდიდან ვფიქრობ, სრულიად გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება მათთან, გაუგებარია”, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მათ შორის შვებულებების სეზონების მოახლოებასთან დაკავშირებითაც მიიღო. პუტინი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების “მხარდაჭერა” სურდა, რომლებიც რუსეთთან “ნორმალური ურთიერთობების დამყარებას” ცდილობენ.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: “ოფიციალურ მთავრობასა და ოფიციალურ ხელისუფლება ამის [ფრენების აღდგენაზე] თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები არ გვქონია. ვიცით, რომ დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას, და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში.
მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე გააკეთოთ აქცენტი – თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას.”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: “რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს, პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, გულისხმობდა, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობას.“
დედაქალაქის მერი კახა კალაძე: “პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო, უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან [დაკავშირებით], მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებს ის ხალხი, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, მოუწოდებდა რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ასე შემდეგ.
ხელისუფლებას რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და არ გაუპროტესტებია ვიზების მოხსნა. ეს როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო.”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: “როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია. ჩვენ ერთადერთი გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, რომ მაშინ, მათ შორის ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები დასავლეთის ქვეყნების საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა. იმიტომ, რომ თავის დროზე იცით, რომ ეს სანქციის სახით იქნა შემოღებული რუსეთის მხრიდან.”
პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი: “ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგებოდა და რასაკვირველია, მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო, როგორც შეწყვეტის ასევე აღდგენის გადაწყვეტილება.”
● TI-ს კვლევა: ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების გასამართლებლად სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს
● რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს
● ღარიბაშვილი: კეთილი ინებონ მეგობრებმა და გაგებით მოეკიდონ – რუსეთთან ვაჭრობა ჩვენს ინტერესშია. კიდევ რა თქვა პრემიერმა
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.