უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და ჩვენ გადმოგვცეს
უკრაინის საგარეო: სააკაშვილის დაცინვა და ჩვენ გადმოგვცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” შეწყვტიოს სააკაშვილის დაცინვა და ქვეყნის ექსპრეზიდენტი მათ გადასცენ. ასევე, ისინი კატეგორიულად გმობენ საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ის უარეს ტრადიციებში იყენებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, “უარს ეუბნება მას საჭირო სამედიცინო მკურნალობაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს”.
“ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და მსოფლიოს მოუწოდა, მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთონ.
“ის ფაქტიც, რომ 21 საუკუნეში ჯერ კიდევ გვიწევს ევროპაში ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამარცხვინოა. მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი! უკრაინამ გამოსავლები შესთავაზა. მოვუწოდებ მსოფლიოს, დაეხმაროს მიხეილს სიცოცხლის გადარჩენაში და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა”, – აცხადებს ზელენსკი.
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● იქნება თუ არა “მაგნიტსკის აქტის” ანალოგი სააკაშვილზე? ნაციონალურმა მოძრაობამ სიაზე მუშაობა დაასრულა
● სააკაშვილის წერილი WSJ-ში: დასავლეთს შეუძლია გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე
ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
გასული წლის 29 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დაკითხეს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა “ვივამედში” გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.
“ეს მეტალები ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებენ და მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო. ვვარაუდობ, რომ ამ ტოქსიკური აგენტების დოზა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი კონცენტრაცია ნორმაზე მაღლა აღმოჩნდა. ანუ მას ტოქსიკური კონცენტრაცია ჰქონდა”. – ამბობს სმიტი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი, თამარ აბაშიძეც დაკითხეს. ექიმის თქმით, ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.
17 იანვრის სასამართლო პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სურვილის მიუხედავად, ვერ დაესწრო. პროცესზე ამერიკელმა ექიმმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯეიმს კობიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გასინჯა. მისივე თქმით, ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდა MRI, რის შედეგადაც დაადგინა, რომ მას აქვს ართრიტი მენჯბარძაყის სახსრებში.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მენჯბარძაყის ორივე სახსარში აღმოჩენილი ართრიტი, შესაძლოა იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ჯეიმს კობი განმარტავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კისერზე და მარცხენა სახსარზე ქირურგიული ოპერაციები სჭირდება.
ექიმმა ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ყოფილი პრეზიდენტი მოძრაობას ვერ შეძლებს.