ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
ცხრამუხის დედათა მონასტერი
ცხრამუხის დედათა მონასტერში, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპარქიას ეკუთვნის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალად 70 წლის ქალის გაუპატიურება და ყაჩაღობა ედებათ.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს”. – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.