მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა
საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა (და არა თავად მკვლელობის).
ვინ არიან ბრალდებულები?
დაკავებულია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. ამ საქმეზე კიდევ ორ პირს წარედგინა ბრალი – მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს, რომლებიც სხვა საქმეებზე უკვე იხდიან სასჯელს.
პატარკაციშვილის საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმეში ასევე ფიგურირებს კუდის ყოფილ მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (იგივე “მასტერა”), რომელიც ასევე უკვე იხდის სასჯელს სხვა საქმეზე.
საიდან მოვიდა ჩანაწერები?
ბრალდება ფარულ აუდიოჩანაწერებს ეფუძნება, რომელიც პროკურატურის განცხადებით, 2007 წლის 4 და 5 თებერვალს არის გაკეთებული, პატარკაციშვილის სიკვდილამდე ზუსტად ერთი წლით ადრე.
სამართალდამცავების ხელში კი ეს ჩანაწერები ორი წლის წინ, 2016 წელს აღმოჩნდა – ისინი ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას იპოვეს.
ყველაზე მთავარი, რაც გავიგეთ. მოკლედ
საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ლონდონის ტერიტორიაზე ბიზნესმენ პატარკაციშვილის მკვლელობა დაგეგმა.
მკვლელობის ერთ-ერთ საშუალებად განიხილებოდა საწამლავი, რომელიც ადამიანს ისე კლავს, რომ კვალს არ ტოვებს და ბუნებრივი სიკვდილის ეფექტი აქვს.
ერთ- ერთი ჩანაწერიდან ვგებულობთ, რომ პატარკაციშვილის მკვლელობა პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. მისი სისრულეში მოყვანა კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ჰქონდა დავალებული.
ჩანაწერში კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას ხმა არ ისმის, თუმცა მას ახსენებენ. ჩანაწერში ამბობენ, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ყველა დეტალს დათა ახალაიასთან ათანხმებენ.
აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ გეგმავენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას დაკავებული პირები.
პირველი ჩანაწერი: პატარკაციშვილის ლიკვიდაციის სანქცია სააკაშვილმა გასცა
როგორც პროკურატურა ამბობს, ეს ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალს არის გაკეთებული. ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ელაპარაკება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.
საუბრისას დგებუაძე ამბობს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია პირადად საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. დგებუაძე აღნიშნავს, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და დაუძინებელი მტერია.
მეორე ჩანაწერი: ყველა დეტალი დათა ახალაიასთან თანხმდებოდა
ეს ჩანაწერი პროკურატურის თქმით, ე.წ. „მოდულის“ შენობაშია გაკეთებული.
მოქმედება ხდება ერთ-ერთ ოთახში, სადაც კუდის მაღალჩინოსნები სათათბიროდ არიან შეკრებილი. თათბირს გიორგი დგებუაძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი კუდის თანამშრომლები, ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი ესწრებიან.
მათი საუბრის თემაა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება. ისინი ამბობენ, რომ პატარკაციშვილი პოლიტიკურ სივრცეს უნდა ჩამოშორდეს.
თათბირზე ისინი მსჯელობენ თუ როგორ ჯობია პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და როგორ უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები მისი ლიკვიდაციისთვის.
ერთ-ერთი ვერსიაა ოლიგარქის ისეთი ნივთიერებით მოწამვლა, რომელსაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტი ექნება.
ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მეთოდები კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელთან, დათა ახალაიასთან თანხმდება.
მკვლელობის წინამოსამზადებელი სამუშაოები
ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკონტროლებდნენ ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილებას, მის მარშრუტს. კონტროლდებოდა აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.
გროვდებოდა დაწვრილებითი ინფორმაცია მის გარემოცვაზე. ეს საქმე ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილს ებარა.
ასევე პატარკაციშვილის რამდენიმე დაცვის წევრის გადაბირება სცადეს – თანამშრომლობის სანაცვლოდ დაპირდნენ მნიშვნელოვან შეღავათებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა.
პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პატარკაციშვილის საქმის წამოწევით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის სკანდალი, რომელის ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოჰყვა. სუბელიანი ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ ის “ქართული ოცნების” მას “შავ საქმეებს” აგვარებდა. მათ შორის გახმაურებული საქმეების მოწმეებს იტაცებდა და აწამებდა.
______________________
მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში ლონდონთან ახლოს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მწვავე ოპონენტისა და ოპოზიციური ტელეკომპანიის “იმედის” დამფუძნებლის მოულოდნელმა სიკვდილმა ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა.
თუმცა, სკოტლენდ-იარდმა, რომელიც იძიებდა პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს, მის გარდაცვალებაში ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინა და სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელა.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტები დღემდე მიიჩნევენ, რომ ოლიგარქის სიკვდილი არაბუნებრივი იყო და მასში ყოფილი ხელისუფლების ხელი ურევია.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ბადრი პატარკაციშვილი განსაკუთრებით გააქტიურდა ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე.
2007 წლის დეკემბერში, პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პატარკაციშვილის მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო.
ფარული აუდიო ლონდონში, პატარკაციშვილის სახლშია ჩაწერილი. ოლიგარქი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას ესაუბრება და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და იმდროინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციაში დახმარებას სთხოვს. სანაცვლოდ კი ფულს პირდება.
ჩამწერი მოწყობილობა კოდუას ფეხსაცმელში ჰქონდა შენახული.