რუსული კანონი ამერიკულის სახელით? "ხალხის ძალა" არასამთავრობოების დაფინანსების შეზღუდვას აპირებს
არასამთავრობოების დაფინანსების შეზღუდვა
“ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ახალი კანონპროექტი მოამზადონ. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ეს იქნება დაფინანსების გამჭვირვალობის დასავლური ანალოგი და თავად სუბარი რუსულ კანონმდებლობას “საერთოდ არ იცნობს”.
“ხალხის ძალის” კიდევ ერთი წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განმარტებით, კანონზე აშშ-ს უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტის მიხედვით იმუშავებენ:
“ხალხის ძალას აქვს გულწრფელი სურვილი, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ეს ძალა დააბრუნოს არასამთავრობო სექტორის ფორმატში და იმ აგენტოკრატიის ველიდან დააბრუნოს კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან. ამისთვის ჩვენ მივმართავთ ხოლმე საერთაშორისო გამოცდილებას.”
მისივე თქმით, “ხალხის ძალა” დაინტერესდა, თუ რა სისტემა არსებობს აშშ-ში იმისთვის, რომ “ელემენტარულად არ მისცე საშუალება არასამთავრობო სექტორს, კანონს ფარგლებს გასცდეს” და საკუთარ თავს დისკრედიტაცია გამოუცხადოს. მისივე თქმით, ამისთვის შეიქმნა 1938 წელს “უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტი”, რომელიც არის ფედერალური კანონის ძალის მქონე, რომელშიც 1966 წელს შეტანილი იქნა რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები.
“მაგრამ კანონის სულისკვეთება იგივე დარჩა. ეს არის აღრიცხვა იმ ორგანიზაციების, იმ ფიზიკური პირების, პოლიტიკური ძალების, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომლებმაც ამის შესახებ უნდა განაცხადონ, უნდა დადგნენ აღრიცხვაზე (აშშ-ში ეს არის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურორი), უნდა ჩააბარონ ანგარიში ყოველ ნახევარ წელიწადში ამ დაფინანსების შესახებ – სად დაიხარჯა ეს თანხები, რა პროექტებს მოხმარდა და ა.შ.” – აღნიშნავს ქართველიშვილი.
“ქართული ოცნებისგან” გამიჯნული დეპუტატები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას 18 ნოემბერს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე არის მიმართული და “საკუთარი აგენტურის დაფინანსება არავინ უნდა “დაგვამადლოს”. ე.წ. გამიჯნულები აპირებენ, რომ NGO-ების დაფინანსების “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში” მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებები უახლოეს მომავალში მოამზადონ.
დეპუტატები ასევე ეხმაურებიან საქართველოს უკუსვლაზე გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებენ, რომ “ფსევდოლიბერალების ლექსიკონის” მიხედვით, დემოკრატია აგენტოკრატიას ნიშნავს. მათივე თქმით, “უსამართლო რეზოლუციებით” ევროპარლამენტარები “დემოკრატიული ხელისუფლების” დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ცდილობენ – “ხალხის ძალის” წარმომადგენლები რეზოლუციების ავტორებს “ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლებს” უწოდებენ.
სოზარ სუბარის მტკიცებით, მათ სურთ, ისეთივე კანონი მიიღონ, როგორიც აშშ-შია და, მისივე სიტყვებით, ამას უკუსვლად უთვლიან. მისივე განმარტებით, “თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა”, დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს იმ პრინციპებით, როგორიც არის დასავლეთში:
“ორმაგი სტანდარტი, რომ კი, ჩემთვის ეს კანონი მინდა, მაგრამ შენთვის არა, იმიტომ, რომ მინდა, შენ გმართო სწორედ ჩემი აგენტების მეშვეობით, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი მიდგომა.”
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
რას გულისხმობს რუსული კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ
ვლადიმირ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ბოლო შესწორებას 2021 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი. სადავო კანონის დარღვევა ჯარიმას აწესებს. ჯარიმას ითვალისწინებს ასევე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები – მიტინგების დაფინანსება და სამართალდამცავი ორგანოების დაუმორჩილებლობა.
24 თებერვალს, პუტინის მიერ ხელმოწერილი „უცხოელი აგენტების“ კანონი, ფიზიკური პირებისთვის 2 500 რუბლამდე, ორგანიზაციაზე კი 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც და ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.
კანონი პირველად 2012 წელს, პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისას მიიღეს და მას შემდეგ, მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა – რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.
კანონი ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დახმარებას უცხოეთიდან იღებენ – რუსეთის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა – საკუთარი თავის იდენტიფიცირება „უცხოელ აგენტებად“ მოახდინონ და აუდიტის სამსახურში დარეგისტრირდნენ.
კანონში ბოლოდროინდელი შესწორებების სამიზნე უცხოეთის მიერ დაფინანსებული მედიაა. მათ შორისაა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი, ასევე სხვა ექვსი რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახური და „Current Time” – „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი მედიაპროექტი. ასევე, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “უცხოური აგენტების” რიგებს გამოცემა “მედუზა” და “ნოვაია გაზეტა” შეემატნენ.
2020 წლის ბოლოს, კანონში შეტანილი ცვლილებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს „უცხოელი აგენტების“ სიაში ინდივიდუალური ჟურნალისტები შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
გამიჯნულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ერთ-ერთი ბოლო განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ე.წ. გამიჯნულები ამბობენ, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს.