როგორ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტს
ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს მოსკოვიდან ჩავიდა. მოსკოვში იგი პუტინს შეხვდა და შემდეგ იქიდან სოხუმში გაემგზავრა. მისი ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.
საქართველოში ბელარუსის ლიდერის ვიზიტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
რას ამბობ პრეზიდენტი და ხელისუფლება:
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
“მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა”
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი:
“მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს კანონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს”.
ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:
“მე არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, რომ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მერე მის ქვეყანას ან ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება ეს მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:
“რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც, ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა კიდევაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება.”
თეა წულუკიანი, ვიცეპრემიერი, საქართველოს კულტურის მინისტრი:
“პირველ რიგში ადეკვატური შეფასებები უნდა გაკეთდეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება. რასაკვირველია, ეს არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან, ეს მხოლოდ უკანონობა არ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს. რასაკვირველია, რეაგირება იქნება. პირველ რიგში, ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური უწყების მხრიდან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მაგრამ, თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ ამ ამბავს შეუმჩნევლად ჩაევლო, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის.
● რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
● ცხინვალი რუსეთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მას იქ არ ელიან. რატომ და რას უნდა ველოდოთ?
● “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
ლუკაშენკო აფხაზეთში
28 სექტემბერს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ლუკაშენკო ბიჭვინთის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვდა.
“აფსნი პრესის” ინფორმაციით, ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე, სწორედ ლუკაშენკო შეეწინააღმდეგა ომის შემდგომი აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესებას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გუშინ გვიან ღამემდე იხილავდა აფხაზეთის საკითხს და ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.
„გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან. გვიან ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან.
„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება.“ – განმარტა ლუკაშენკომ და გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ საკითხები, “როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები.“
ბელარუსს არ აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თებერვალში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ “თუ საჭირო იქნება”. ივნისში აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა ბელარუსის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიქტორ შეიმანი, ის ბჟანიას შეხვდა.