"ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ"- თბილისის მერი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე
თბილისის მერი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. იგი ტურისტების შემოსვლას მიესალმება.
ასე უპუსახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას – რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის გამკაცრებას განიხილავენ.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:
“საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.
- ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს
- დედაენის ბარზე, მათი “სავიზო” პოლიტიკის გამო, რუსების მხრიდან კიბერშეტევა მიმდინარეობს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების დიდი ნაკადი შემოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში 156 737 ადამიანი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი თითქმის სამი ათასით მეტია პანდემიამდელ პერიოდზე.
საქართველოს რუსეთთან ლიბერალური სავიზო პოლიტიკა აქვს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ დაიწყო დისკუსია, რომ სავიზო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.
რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნით ოპოზიციური პარტია “ლელო” უკვე ოფიციალურად გამოვიდა. პარტიას ეს მოთხოვნა ომის დაწყებისთანავე ჰქონდა. თუმცა, “მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა”, პარტიამ მოთხოვნა ოფიციალურადაც წამოაყენა.
აგვისტოს დასაწყისში, ამავე მოთხოვნით, საქართველოში პეტიციაც შეიქმნა. 11 აგვისტოს მონაცემებით, პეტიციას 20 262 ხელმოწერა აქვს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ ევროკავშირის ქვეყნებშიც. არ არის გამორიცხული ეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტშიც მოხვდეს. მაგალითად, ესტონეთი უკვე აღარ გასცემს შენგენის ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე.
თუმცა, საქართველოში ამ დისკუსიებს არ იზიარებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს.
ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.
თბილისის მერი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდაზე