30 მაისს აფხაზეთში „სახალხო აქცია“ გაიმართება. ადრე მსგავსი შეკრებები პრეზიდენტის გადადგომით სრულდებოდა
„სახალხო აქცია“ აფხაზეთში
30 მაისს აფხაზეთში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული “სახალხო აქცია” გაიმართება. აქციაში, რომელიც სოხუმში პრეზიდენტის სასახლის წინ დაიგეგმა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსგავსი საპროტესტო აქციები აფხაზეთში ორჯერ გაიმართა – 2014 და 2020 წლებში – და ორივეჯერ პრეზიდენტის სასახლის შტურმითა და პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამდე მისასვლელად ყველა სხვა მეთოდი, გარდა მრავალათასიანი შეკრებისა, ამოწურულია.
მანამდე პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უგულებელყო ოპოზიციის ყველა წინადადება. კერძოდ, გადაეყენებინა მთავრობა ალექსანდრ ანქვაბის მეთაურობით და გაეუქმებინა ან მორატორიუმი დაეწესებინა მთელ რიგ კანონპროექტებზე, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე.
- ულტიმატუმი ასლან ბჟანიას: ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას და რუსეთისთვის „არას“ თქმას ითხოვს
- ახალი „კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში – რას ნიშნავს და რა საფრთხეებს შეიცავს
- “ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს” – მოსაზრება აფხაზეთიდან
ოპოზიცია ცდილობდა პარლამენტის ჩართვას საქმეში, რათა განეხილა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შემდეგ მიეღო რეფორმების საგზაო რუკა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა.
„პარლამენტს რომ აეღო პასუხისმგებლობა და მიეღო უნდობლობის გამოცხადების საკითხი, აქცია არ გაიმართებოდა. პრეზიდენტს რომ გაეთავისებინა ის პასუხისმგებლობა, რითაც აფხაზებმა დააჯილდოვეს და მიეღო გადაწყვეტილება გაკოტრებული მთავრობის გადაყენების შესახებ, აქცია არ იქნებოდა. საბოლოო ჯამში, თავად ალექსანდრ ანქვაბს შეუძლია აიღოს და დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ – რატომ აიძულებთ ათასობით ადამიანს გამოხატონ უკმაყოფილება ქუჩაში?” – ამბობს ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
მოახლოებული აქციისთვის ემზადება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავად ხელისუფლებაც – ისინი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ და ქუჩებიდან ოპოზიციის პლაკატებს ხევენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო