აფხაზეთის სანაპირო ზოლთან თევზის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა
აფხაზეთის სანაპიროსთან თევზის მარაგის მნიშვნელოვნად შემცირების გამო მთავრობამ ორჯერ შეამცირა კვოტა მის რეწვაზე – ამ წელს სანაპიროს წყლებში მხოლოდ 20 ათასი ტონის მოპოვებაა ნებადართული.
თევზის მარაგის შემცირება დაადასტურა ანალიზმა, რომელიც აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტმა რუსეთის აზოვი-შავი ზღვის თევზის მრეწველობის ინსტიტუტთან ერთად ჩაატარა.
მარაგის შემცირების გამო გასულ წელს მთავრობის მიერ დადგენილი 40 000 ტონიანი კვოტის მხოლოდ მეოთხედია ათვისებული – დაჭერილია 11 000 ტონა თევზი.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით გადელიას თქმით, ამ წელს კვოტა გადანაწილდება რესპუბლიკის ექვს საწარმოზე, რომლებიც მოიპოვებენ ქაფშიას და მისგან აწარმოებენ თევზის ფქვილს და ქონს, კვოტის 15% კი, აფხაზეთ-რუსეთის შეთანხმების თანახმად, განკუთვნილია რუსეთის საწარმოებისთვის.
„როცა თევზჭერის სეზონი დაიწყება, მაშინ ვნახავთ რა რაოდენობის აზოვის ქაფშიაა შემოსული ჩვენს წყლებში. ეკოლოგიის ინსტიტუტი ატარებს კვლევას. ჩვენ ვიყენებთ იმას, რაც მოგვცეს, ვანაწილებთ რაოდენობას, ამ მარაგს და ზოგადად დასაშვებ რეწვას ვერ გადავაჭარბებთ“, – ბრძანა გადელიამ.
თუმცა, თუ პროგნოზის მიუხედავად თევზი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ელოდებიან, მაშინ აფხაზეთის მთავრობა ეკოლოგებთან შეთანხმებით კვოტის გაზრდას შეძლებს.
აფხაზეთის სანაპიროზე ქაფშიას ამჟამინდელი მარაგი ეკოლოგიის ინსტიტუტის შეფასებით დაახლოებით 80 ათასი ტონაა.