ხელისუფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების კვალს ეძებს
“შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად”, – სისხლის სამართლის საქმე ამ ხმაურიანი სახელწოდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს, 24 ოქტომბერს აღძრა.
როგორც საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, საქმის აღძვრის საფუძველი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია” გახდა.
“მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში” უსაფრთხოების სამსახური 23 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალას გულისხმობს.
ტექსტი, რომლის ნამდვილობაც არაფრითაა დადასტურებული, თითქოსდა ოდესის გუბერნატორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიგა ბოკერიას ფარულად ჩაწერილი საუბრის სტენოგრამას წარმოადგენს. საიტზე აღნიშნულია, რომ საუბარი 19 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში შედგა.
ამ ტექსტის თანახმად, ორი პირი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავს, რომ ამან მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს.
ამ სტენოგრამის მიხედვით, სააკაშვილი მოუწოდებს ბოკერიას, არეულობა შექმნას “რუსთავი 2”-ის შენობის პერიმეტრთან, “ქალი რომ დაიბრიდოს აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნა, დედა, უკეთესი იქნება,” – თითქოს დაავალა სააკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ერთ საათში მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლიცია უსაფრთხოების მოტივებით მონიტორინგის განსაკუთრებული ზომებს მიიღებს “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
wikileaks.center ვებ-გვერდს ჰოსტინგით და რეგისტრაციით რუსეთში, სადაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, “უკრაინული ვიკილიქსი” ჰქვია. ის 2015 წლის მაისშია დარეგისტრირებული და აქ ძირითადად სააკაშვილის საწინააღმდეგო, დაუდასტურებელი მასალები ქვეყნდება. ყველა ფაილი ტექსტურია და მათ ფარული მიყურადების არც აუდიო და არც ვიდეო მასალა არ ახლავს.
შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით უკვე დაკითხა გიგა ბოკერია. ბოკერიამ, რომელიც მადრიდში სააკაშვილთან ერთად კვირის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრებოდა, გამოქვეყნებულ ტექსტს “ძალიან სასაცილო ბოდვა” უწოდა.
“დაკითხვაზე საუბარი იყო იმ სისულელეზე, რაც ვიხილეთ ინტერნეტში… ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული პორტალების მეშვეობით. სააკაშვილთან მე რეგულარული ურთიერთობა მაქვს და ეს არ იყო პირველი შეხვედრა. ასი ასეთი შეხვედრა არსებობს,” – თქვა გიგა ბოკერიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არ აქვს და “საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცდილობს, გაანეიტრალოს ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის.”
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერმა ღარიბაშვილმაც გააკეთა: “დღეს ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე სამი წლის წინათ ვიყავით. გპირდებით, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით განადგურდება.”