ცხინვალში კონფლიქტის შედეგად დაღუპული და დაკარგული ოსების პატივსაცემად აქცია გამართეს
ცხინვალში, 6 მარტს, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ოსების ახლობლების მონაწილეობით მიტინგი გაიმართა.
აქციაზე სიტყვით გამოსულთა თქმით, ისინი საქართველოს ხელისუფლების და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ატეხილ იმ აჟიოტაჟს აპროტესტებენ, რაც 22 მარტს ოსი ძალოვნების მიერ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილს მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, ეკლესიის მოედანზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა სურათები გამოიტანეს, ასევე – ტრანსპარანტები მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი მოწოდებებით, რომ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, საქართველოს პასუხისმგებლობა აღიარონ.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ თავიანთი ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი საერთაშორისო დონეზე დააყენეს. მისი გვამის გადაცემასთან დაკავშირებით მკაცრი მოწოდებები გაისმის, მაგრამ ვინ აგებს პასუხს იმ ჩვენი ბიჭების სხეულების ნაწილებზე, რომლებიც საქართველოში დახოცეს?“ – განაცხადა მიტინგზე სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა როზა ვალიევამ.
მიტინგზე მივიდნენ 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ოსის – ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვის და სოლტან პლიევის ნათესავები. ალან ხუგაევის დეიდამ თავის გამოსვლაში მოითხოვა, რომ ტატუნაშვილის სხეული საქართველოს მანამდე არ გადაეცეს, ვიდრე დაკარგული ოსების სხეულთა თუნდაც ნაწილები მათ ნათესავებს არ დაუბრუნდებათ.
აქციის დასასრულს მოედანზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო