2 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტის ხელმძღვანელობა ყალიბდება: სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე გადაწყვიტა ეროვნული საკრებულოს სპიკერის თანამდებობაზე არა ბაბლოიანის კანდიდატურის წამოყენება. ამის შესახებ სომხეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მმართველი პარტიის სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა აცნობა.
სპიკერის თანამდებობაზე ბაბლოიანის კანდიდატურა მე-6 მოწვევის ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცდება. რადგანაც რესპუბლიკური პარტია ეროვნულ საკრებულოში უმეტესობას წარმოადგენს, ეჭვი არ არის, რომ მას აირჩევენ.
არა ბაბლოიანი სპეციალობით ექიმი-პედიატრია. ის სომხეთის პედიატრთა ასოცოაციის ხელმძღვანელია, არის ბავშვთა უროლოგების ევროპული ასოციაციის, ევროკავშირის ბავშვების ქირურგთა ასოციაციის, შევეიცარიის ნეფროლოგთა ასოციაციის, ბელიგიის სამედიცინო აკადემიის წევრი. 1990 წელს მან დააარსა ბავშვთა ქირურგიისა და ურონეფროლოგიის სპეციალიზებული ცენტრი. 1991-1997 წლებში იყო სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, 2002-2003 წლებში იყო „საბავშვო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფის დირექტორი“.
სამიდან ორი ვიცე-სპიკერი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება: ყოფილი იუსტიციის მინისტრი აპინე ოვანისიანი და პარტიის პრესმდივანი ედუარდ შარმაზანოვი. სპიკერის მოადგილის კანდიდატის შეთავაზების უფლება მიიღო პარტია „ცარუკიანის“ ბლოკმა, რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციაა. ბლოკმა აღნიშნულ თანამდებობაზე ეკონომისტი მიკაელ მელკუმიანი წარადგინა.
კანონით დადგენილი წესის მიხედვით, ეროვნული საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ უნდა გადადგეს მთავრობაც.
როგორც სერჟ სარგსიანმა განაცხადა, სომხეთის რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს ისევ კარენ კარაპეტიანის კანდიდატურას, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ კაბინეტს უხელმძღვანელებს.