ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა: წინა ისტორია და პროგნოზი
დღეს ჰამბურგში პრეზიდენტების ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა შედგება. აქამდე ისინი მხოლოდ სატელეფონო მოლაპარაკებებს მართავდნენ.
შეხვედრა შედგება სამიტი G20-ის კულუარებში, რომელიც მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერებს მოუყრის თავს.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინა ვითარება უკიდურესად რთულია. ამერიკის არჩევნების პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და ამ ქვეყანასთან ტრამპის გარემოცვის შესაძლო კავშირების თაობაზე აშშ-ში ერთდროულად რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს.
პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ვარშავაში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი აღმოსავლეთი ევროპისა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებისთვის მადესტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს.
რუსეთის სახელმწიფო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს გამალებული ანტიამერიკული კამპანია აქვთ გაჩაღებული. თუმცა, პოლიტიკოსებისა და დიპლომატების გამონათქვამები უფრო თავშეკავებული ხაიათისაა. შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრის „სრულფასოვნად“ ჩატარებისა და მასზე ისეთ არსებითი პრობლემების განხილვის იმედი აქვს, როგორიცაა სირიის და უკრაინის საკითხი.
მანამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთის შესახებ ასეთ აზრებს გამოთქვამდნენ:
ტრამპი პუტინის შესახებ
28 აპრილი 2016
„მან მე გენიოსი მიწოდა… ძალიან სასიამოვნოა მისი მხრიდან“
7 სექტემბერი 2016
“ის ძალიან ძლიერი ლიდერია… ბევრად ძლერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი“
19 მარტი 2017
„მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ უბრალო ბიჭი არ უნდა იყოს…“
პუტინი ტრამპის შესახებ
17 დეკემბერი 2015
„გამორჩეული ადამიანია, ნიჭიერი, ამომრჩევლების გულის მოგება შეძლო“
4 დეკემბერი 2016
“მან ბიზნესში წარმატებას მიაღწია, ესე იგი, ჭკვიანი ადამიანია“
1 ივნისი 2017
“ის ტრადიციულ პოლიტიკოსთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, მას საკითხების ახლებური ხედვა აქვს“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიდერების შეხვედრა ჰამბურგის ქუჩებში პოლიციასა და გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 7 ივლისის მონაცემებით, 70 პოლიციელი დაშავდა. დაკავებული ანტიგლობალისტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.