სომხური ვალუტის – დრამის 25 წლისთავთან დაკავშირებით – ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 2018 წლიდან ბრუნვაში ახალი ბანკნოტები შემოიტანოს. ეს იქნება მესამე თაობის კომპოზიტური ბანკნოტები, რომლებიც ქაღალდისა და პოლიმერისგან (პლასტმასი) შედგება. ახალი კუპიურები ძველისგან, ხარისხის გარდა, დიზაინითაც განსხვავებული იქნება.
ახალ ათასიან კუპიურაზე (1000 დრამი) გამოსახული იქნება მწერალი და პოეტი პარუირ სევაკი;
ხუთი ათასიანზე – სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი უილიამ საროიანი;
ათი ათასიანზე – კომპოზიტორი კომიტასი;
ოცი ათასიანზე – მხატვარი აივაზოვსკი;
ორმოცდაათ ათასიანზე – სომხური ეკლესიის პირველი კათოლიკოსი გრიგორი განმანათლებელი.
ამ სიახლეს ქსელში მწვავე განხილვა მოჰყვა. Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა ფულის საკუთარი სახუმარო ვერსიებიც კი გამოქვეყნა. ძირითადად აკრიტიკებენ ან მიესალმებიან იმ პირების შერჩევის საკითხს, ვისი გამოსახულებაც ახალ ბანკნოტებზე უნდა გაჩნდეს, ასევე – ახალი ბანკნოტების დიზაინსაც.
აი, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რამდენიმე მოსაზრება:
„ეროვნული ვალუტა, ბოშა ქალის კაბას არ უნდა ჰგავდეს“.
„ეს აჟიოტაჟი და სრულიად სახალხო დიზაინერული მოძრაობა სრულიად უსაფუძვლოა. მკაფიო ფერები დამუშავდება და უფრო მშვიდ, და არაკონტრასტულ იერს მიიღებს, და მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება“.
„შეიცვლება ხუთი და ათი ათასიანი ბანკნოტების გარეგნული იერი, რომლითაც ელექტორატს მოისყიდიან.“
ცენტრალურმა ბანკმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ახალი ბანკნოტების ბრუნვაში შეტანა არც მოსახლეობას შეუქმნის პრობლემას, და არც ბიზნესს. კუპიურების ბრუნვაში შესვლის პროცესი რბილად მოხდება, ძველი კუპიურების ამოღება არ იგეგმება. ის კუპიურები, რომლებიც დღეს ბრუნვაშია, უვადოდ იმოქმედებს და მხოლოდ მაშინ შეწყვეტს არსებობას, როდესაც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი გახდება. არ შეიცვლება ასევე არც მათი ნომინალური ღირებულება; ანუ, ახალ ათასიან კუპიურას იგივე ღირებულება ექნება, რაც ძველს – შეიცვლება მხოლოდ გარეგნული იერი.