სომხეთის ცნობილი საინფორმაციო სააგენტო 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
სომხეთის ცნობილი საინფორმაციო სააგენტო – „არმენპრესი“ დღეს თავის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მედია ქვეყნის ცნობილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეებისგან მილოცვებს იღებს.
„არმენპრესის“ ისტორია
„არმენპრესი“ 1918 წლის 18 დეკემბერს სომხეთის პირველი რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მაშინ მას სომხეთის სატელეგრაფო სააგენტო ერქვა. ამჟამად „არმენპრესი“ – დახურული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. საინფორმაციო სააგენტო ყველაზე ციტირებად სომხურ მედიას წარმოადგენს. ის 4 ენაზე ქვეყნდება (სომხური, რუსული, ინგლისური და არაბული), და მას ახალი ამბების 11 ფირი აქვს.
• ქალი ფოტოგრაფები თავს მეხანძრეებსა და პოლიციელებს ადარებენ
• სომხეთი აზერბაიჯანის პრეტენზიების თაობაზე ალიევის განცხადებას განიხილავს
ვინ მიულოცა სააგენტოს
საინფორმაციო სააგენტოს იუბილე ბევრმა ცნობილმა პოლიტიკოსმა და კულტურის მოღვაწემ მიულოცა. მათ რიცხვშია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ზოგრაბ მნაცკანიანი. მას მიაჩნია, რომ „არმენპრესის“ საუკუნოვანი ისტორია – ეს საერთო სიმდიდრეა:
„საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესმა“ მოიპოვა და დამაჯერებლად ინარჩუნებს ინფორმაციის სანდო წყაროს სახელს. შემთხვევითი არ არის, რომ საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“გახდა ის ოფიციალური სააგენტო, რომელიც ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდ საერთაშორისო ღონისძიებას – ერევნის ფრანკოფონიის ფორუმს აშუქებს. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.“
სააგენტოს მრგვალი თარიღი ასევე მიულოცა სომხეთის ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სიტუაციისა და მოვლენების სწრაფი ცვლის პირობებში, „არმენპრესის“ როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მატულობს“.
„არმენპრესს“ იუბილე კოლეგა-ჟურნალისტებმა და სხვა საინფორმაციო სააგენტოებმაც მიულოცეს. კერძოდ, ქსელური გამოცემა Tert.am თავის მილოცვაში აღნიშნავს, რომ მედიის ბაზარზე სააგენტოს 100-წლიანი არსებობა – თავისთავად არის უკვე მისი საქმიანობის შეფასება, რაც მუშაობის ხარისხზე მეტყველებს:
„მთელი გულით ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს… საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ, და დროის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ“.
JAMnews ასევე ულოცავს კოლეგებს იუბილეს.