სომეხი ქალი-ფოტოგრაფები თავს მეხანძრეებსა და პოლიციელებს ადარებენ
ბოლო 10 წლის მანძილზე სომხურ მედიასივრცეში მომუშავე ქალი ფოტოგრაფები სტერეოტიპებს ამსხვრევდნენ (თუნდაც, მხოლოდ იმით, რომ არსებობენ). მაგრამ ეს ყველაფერი როდია. პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი ქალები სოციალურ პრობლემებს აშუქებდნენ და ამით დოკუმენტური ფოტოგრაფიის განვითარებას უწყობდნენ ხელს.
«ვცდილობთ ის პრობლემები აღვწეროთ, რომლებსაც ჩვენს რეალობაში ტაბუ ადევს – თემები, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე არავინ ეხებოდა. ამიტომ ხშირად გვეუბნებიან, რომ სიბინძურეს ვიღებთ და სუფთა ზედაპირზე ჭუჭყი ამოგვაქვს», – ამბობს დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ნაზიკ არმენაკიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქალი იყო იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც ამ სფეროში 2000-იან წლებში გამოჩნდნენ.
მან აღნიშნა, რომ 2002 წელს სააგენტო „არმენპრესში“ დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში ქალი ფოტოგრაფები ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდნ: «ამ სფეროს ვეტერანი მუშაკები სკეპტიკურად მიყურებდნენ. მზერით მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ არა მუშაობას. პირველი წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა – გამოცდილების დაგროვება გვიწევდა და ყოველდღე უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ქალიც შეიძლება იყოს ფოტოგრაფი», – ამბობს ნაზიკი.
ის ამბობს, რომ თავდაპირველად მისი მეუღლე არ იყო დარწმუნებული, რომ ცოლმა სწორი პროფესია აირჩია. ქმარი გამუდმებით ახსენებდა ნაზიკს, რომ მან ქალისთვის მძიმე საქმე აირჩია.
«როდესაც გადავწყვიტე, ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მამაჩემმა მხარი დამიჭირა. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს შინაგან პოტენციალს ხედავდა. ოჯახის სხვა წევრები გადაარწმუნა, გვერდში დამიდგა და დამეხმარა », – ამბობს ორი ვაჟის დედა.
ანუშ ბაბაჯანიანი, რომელიც დოკუმენტალისტ ჟურნალისტად 2008 წლიდან მუშაობს, აღნიშნავს, რომ გადაღებებზე გასვლისას (განსაკუთრებით კი რეგიონებში და მთიან ყარაბაღში) ხშირად გრძნობს, რომ ადგილობრივებს მათი იქ ყოფნა არ სიამოვნებთ.
«აპრილის ომის დროს, როდესაც მთიან ყარაბაღში ჩავედი სამუშაოდ (სადაც იმ პერიოდში ძალიან სახიფათო მდგომარეობა დამხვდა), ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების სახეებზე აღბეჭდილი იყო შეკითხვა: „აქ რა გესაქმება?“. ზოგჯერ არასერიოზულად მეკიდებოდნენ და მეკითხებოდნენ, მყავდა თუ არა ქმარ-შვილი და მირჩევდნენ, სახლში დავბრუნებულიყავი. როდესაც იგებდნენ, რომ გათხოვილი ვარ, ჰოდა მაშ რატომ ჩამოხვედიო, მეკითხებოდნენ. ხალხს უბრალოდ ავიწყდება, რომ უბრალოდ ასეთი პროფესია გვაქვს», – ამბობს ანუში, რომელიც ორი შვილის დედაა.
ფოტოჟურნალისტების საქმეს იგი მეხანძრეებისა და პოლიციელების პროფესიებს ადარებს და აღნიშნავს: «ეს ადამიანები რისკის ფასად მუშაობენ და ქალები მათ შორისაც მრავლად არიან. ვფიქრობ, იმავეს თქმა ჩვენზეც შეიძლება».
ზოგიერთი ფოტოგრაფი ქალი აღნიშნავს, რომ სამუშაოს შოვნა განსაკუთრებით მასმედიის საშუალებებში ჭირს, იმიტომ რომ რედაქტორები უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ.
ფოტოგრაფი ანაით არუთიუნიანი, რომელიც სამი შვილის დედაა, აღნიშნავს, რომ მამაკაცებს განსაკუთრებით ახალი ამბების პორტალებზე ენიჭებათ უპირატესობა.
«თუკი სამუშაოს მიმცემი მამაკაც ფოტოგრაფს ეძებს, იგი გულისხმობს იმას, რომ მდედრობითი სქესის თანამშრომელს ნებისმიერ მომენტში ვერ გამოიძახებს სამუშაოდ. არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შემთხვევებიც მოხდეს. ქალისათვის სომხური რეალობა უფრო მძიმეა – ოჯახი, ბავშვები, სამსახური…მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ სომხეთისთვის არ არის აქტუალური. მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფების უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ.
ბოლო დროს მსოფლიო პრესა გამუდმებით ეხება ამ საკითხს და, ბალანსის მისაღწევად, რედაქტორებს ქალი ფოტოგრაფების დაქირავებისკენ მოუწოდებს. ჩვენი ფოტოგრაფები ჩვენი წარმომადგენლები არიან მსოფლიოში. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შექმნა ვებგვერდი , რომელზეც მხოლოდ ქალების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ანუ ესეც ერთგვარი მოწოდებაა რედაქტორების მიმართ».
Panorama.am-ის ფოტოგრაფი, ლილიან გალსტიანი ბოლო ათი წლის მანზილზე მომხდარი ცვლილებების ანალიზისას აღნიშნავს, რომ სტერეოტიპები, მეტწილად, დამსხვრეულია:
«რამდენიმე წლის წინ ოპერატორები მკაცრი მზერითა და უხეში დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ – ხელის კვრით გვიშლიდნენ ხოლმე ხელს მუშაობაში და კადრის დაჭერის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ახლა კი იმ შემთხვევებში, როდესაც საპროტესტო აქციის, ან პოლიციასთან შეტაკების გაშუქებას ვაპირებთ, თავად იკავებენ ჩვენთვის ადგილებს. ცდილობენ, დაგვიცვან და ხიფათი აგვარიდონ».
დოკუმენტალისტებისგან განსხვავებით, ლილიან გალსტიანი ყოველდღიურად იღებს ახალი ამბების ამსახველ ფოტოებს. მას მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა მოსწონს:
«მე არ ვირჩევ გადასაღებ მასალას – ვიღებ ყველაფერს, რაც ხდება. წვიმასა და თოვლში აღვბეჭდავ საპროტესტო აქციებს, პიკეტებსა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებს. შენ არ ირჩევ სიახლეებს და ვერც იმას განსაზღვრავ, თუ რამდენად უსაფრთხოა მოვლენების ეპიცენტრში მუშაობა. უბრალოდ იღებ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეტაკების დროს მამაკაცებს უფრო კარგად ესმით, როგორ უნდა განერიდონ საფრთხეს. ასეთ შემთხვევებში ქალებს მათთვის დამახასიათებელი ემოციურობა აბრკოლებთ ხოლმე».
ფოტოდოკუმენტალისტი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანები მათ უფრო ენდობიან, ვიდრე – მამაკაცებს.
«ჩემი აზრით, ჩვენ, ქალებს, უფრო გვიადვილდება ფოტოგრაფიის იმ სფეროებში მუშაობა, რომლებშიც, პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობებია მთავარი. სწორედ ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით იწყებ მუშაობას. ხალხი ჩვენ უფრო გვენდობა, ვიდრე – მამრობითი სქესის ფოტოგრაფებს. ამას გარდა, არსებობს თემები – დაწყებული ოჯახური ძალადობით, და დასრულებული LGBT საზოგადოების პრობლემებით – რომელთა გაშუქებაც მხოლოდ ქალის ობიექტივს შეუძლია», – ამბობს ნაზიკ არმენაკიანი.
დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ხალაფიანი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს მყისიერი ფოტოების გადაღება ურჩევნიათ.
„მათ ისეთი ფოტოები მოსწონთ, რომლებშიც გლამური გამოსჭვივის. მათი ლამაზი ნამუშევრები სხვადასხვა ტიპის გამოცემების ყდებისთვის უფრო გამოდგება. მამაკაცები ცნობილი ადამიანების ფოტოებს იღებენ და მუშაობის პროცესში ზედაპირულობას იჩენენ. მათგან განსხვავებით, მე შემოძლია, იეზიდების სოფელში წავიდე და, ფოტოების გადაღებამდე, საათობით ვესაუბრო იეზიდ ბავშვებს“, – ამბობს ფირიუზა.
2012 წელს ნაზიკ არმენაკიანი, ანაით არუთიუნიანი, ანუშ ბაბაჯანიანი, ფირიუზა ხალაფიანი გაერთიანდნენ და დოკუმენტური ფოტოგრაფიის სომხური ცენტრი «4+» შექმნეს.
«ჩვენი მიზანი მხოლოდ კარგი ფოტოების გადაღება არ არის. ჩვენ ვცდილობთ, სომხური დოკუმენტური ფოტოგრაფიის განვითარებას შევუწყოთ ხელი და ბაზრის განვითარებისათვის სასწავლო კურსებს, მასტერკლასებსა და გამოფენებს ვაწყობთ», – ამბობს ნაზიკ არმენაკიანი
ფოტოდოკუმენტალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ თავიანთი საქმიანობით საზოგადოების სხვადასხვა ფენების ცხოვრებას ეხებიან და არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წევენ წინა პლანზე. ისინი ისეთ ადგილებში აღწევენ, სადაც მათ ხშირად არც ელოდებიან. ფოტოდოკუმენტალისტები ობიექტივის საშუალებით ცდილობენ, ადამიანური ემოციები და განცდები გაფილტრონ და ეს ყველაფერი საზოგადოებას აჩვენონ.
«შემთხვევითი არ ყოფილა ჩვენი გამოფენა სახელწოდებით „სხვა დედასომხეთი“. ყველამ იცის, რომ გვაქვს დედასომხეთი – შესანიშნავი, მშვენიერი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ წარმოვადგინეთ დედასომხეთის სხვა მხარე, რომელიც ხშირად გაუშუქებელი პრობლემებითა და საზრუნავებითაა სავსე.
საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი LGBT საზოგადოების წარმომადგენლებთან. თავადვე მითხრეს, მამაკაცი რომ ყოფილიყავი, ასე ახლოს მოსვლის საშუალებას არ მოგცემდით, ასე გულწრფელები არ ვიქნებოდით და, საერთოდ, უარს ვიტყოდით შენთან ურთიერთობაზეო. სინამდვილეში უბრალოდ უჭირთ განსაზღვრონ, ვის შეიძლება ენდონ, და ვის – არა. მიხვდნენ, რომ მათთან სენსაციის საძებნელად არ ვიყავი მისული».
ფოტოგრაფს მიაჩნია, რომ ერთ სივრცეში ტრიალი ერთგვარ უპირატესობას იძლევა: «ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩვენი საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მთელი დღეების განმავლობაში კამერებით ხელში ვაკვირდებით ადამიანებს, მათი სირთულეებით ვცხოვრობთ – ცდილობთ, გავუგოთ მათ და ეს ყველაფერი ფოტოებზე აღვბეჭდოთ».
ოჯახური ძალადობის შესახებ მომზადებული ფოტოების ციკლის ავტორი, ანაით არუთიუნიანი აღნიშნავს, რომ ქალები უფრო შეუპოვრად მუშაობენ ხოლმე და შრომას გაცილებით უფრო მეტ დროს ახმარენ – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ანაზღაურებას არ იღებენ:
«მე, როგორც ქალმა, გადავწყვიტე, ოჯახური ძალადობის საკითხი იმავე სიბრტყეში განმეხილა. მაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა მსგავსი პრობლემები ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს. მამრობითი სქესის ერთ ფოტოგრაფიც კი არ შეხებია ამ თემას. ჩემი აზრით, მამაკაცებს გაუჭირდებოდათ. ჩემთვის, როგორც მდედრობითი სქესის წარმომდგენლისთვის, გაცილებით უფრო ადვილი იყო ქალებთან საუბარი. უბრალოდ მენდობოდნენ».
ფოტოგრაფი ქალები სიამაყით აღნიშნავენ, რომ საკუთარი ფოტოებით სომხეთს მთელს მსოფლიოში გაუთქვეს სახელი.
«ბოლო წელს ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ჩვენი ფოტოისტორიები NewYorkTimes-სა და WashingtonPost-ში დაიბეჭდა. საერთაშორისო აგენტებთან და რედაქტორებთან მუშაობა დიდ გამოცდილებას გვძენს» – ამბობს ანაით არუთიუნიანი.