საქართველო ნატო-ს მომავალ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან სამიტი ნაკლებად მასშტაბური იქნება და ტრამპი-ნატოს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იქნება, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძემ „IPress“-ისთის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, უკვე დაწყებულია მუშაობა, რათა სამიტზე საქართველოს თემა დღის წესრიგში იყოს.
„ეს იქნება ნატო-ს შიდა სამიტი, ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. მონაწილეობას ალბათ არ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იდგეს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, ამაზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა,“ – განაცხადა დოლძემ.
მსგავსი განცხადება ერთი თვის წინ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს “უფრო ვიწრო, სიმბოლური დატვირთვის” სამიტი იქნება აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების გამო და იქ მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.
ვიქტორ დოლიძის განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ფრაქცია „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მიდგომა ნატო-სა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ არის შეცვლილი და რასაც ხელისუფლება თვითონ მუდმივად აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ უდნა იჯდეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიმართულებას,“ – განაცვხადა ტუღუშმა.
ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში.
“ბატონი დოლიძის განცხადება ასახავს იმ რეალობას, რომელიც შექმნილია სამიტთან დაკავშირებით. ჩვენი გადაწყვეტილებით არ ხდება დღის წესრიგის განსაზღვრა, ეს ხდება იმ მონაწილეებთან ერთად, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობენ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცვენტრალური აზიის რეგიონში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ მომავალ სამიტს მხოლოდ ნატოს წევრები დაესწრებიან და საქართველო არ არის გამონაკლისი.
„ეს არ იქნება ტრადიციული სამიტი.2017 წლის სამიტი იქნება მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და არა პარტნიორებისთვის. 2018 წელს კი სამიტი პარტნიორი ქვეყნებისთვის ჩატარდება“-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ
NATO-ს მორიგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში ჩატარდება. სამიტს ნატოს წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.