სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში 2018 წელის მესამე კვარტალში ხელფასების სტატისტიკა შეაჯამა.
მთავარი ტენდენციები:
1) “საქსტატის” თანახმად, ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში ხელფასები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა და 2018 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1125.5 ლარი [420 დოლარი] გახდა. (ეს 56 ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში).
2) ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვეო სექტორში დასაქმებულებს აქვთ – 2354 ლარი [878 დოლარი] . სწორედ მათ გაეზარდათ ბოლო ერთ წელიწადში ხელფასი ყველაზე მეტად – 26. 5 პროცენტით.
მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში ჩართულ ადამიანებს – 1868 ლარი [878 დოლარი] (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი).
საინფორმაციოსა და კომუნიკაციის სფეროში მომუშავეები საშუალოდ თვეში 1785 ლარს [665 დოლარი] გამოიმუშავებენ (წლიური ზრდა 18.0 პროცე ნტი);
მშენებლობის სექტორში დასაქმებულები – 1722 ლარი [642 დოლარი] . (სხვათაშორის, ამ სექტორში გასულ წელთან შედარებით ხელფასებმა 13, 9 პროცენტით დაიკლო).
თვეში საშუალოდ 1483 ლარს [553 დოლარი] იღებენ ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონებით ოპერაციებს ახორციელებენ.
3)ყველაზე დაბალი ხელფასი– განათლების (586 ლარი /218 დოლარი) და სოფლის მეურნეობის (705 ლარი / 262 დოლარი) სფეროებში დასაქმებულებს.
4)ქალების საშუალო თვიური ხელფასი (852 ლარი/ 317 დოლარი) კვლავინდებურად ნაკლებია კაცების თვიურ საშუალო ხელფასზე (1360 ლარი/507 დოლარი). და ეს ტენდენცია თითქმის ყველა სფეროში აღინიშნა. წლიური ზრდაც არათანაბარია – თუ ქალების საშუალო ხელფასმა 42 ლარით [15 დოლარით] მოიმატა, კაცების ხელფასმა – 66 ლარით [24 დოლარი].