საავტორო უფლებების დარღვევის გამო, აშშ უკრაინასთან უბაჟო ვაჭრობას შეაჩერებს
აშშ უკრაინიდან საქონლის შეტანის 2018 წლიდან მოქმედ უბაჟო რეჟიმს დროებით შეაჩერებს, რადგან ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინაში საავტორო უფლებები დაცული არ არის.
ამის შესახებ ჰრომადსკოე ВВС-ის უკრაინულ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა გამოაქვეყნა ყოველწლიური საგანგებო ანგარიში, რომელიც საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ სიტუაციას ეძღვნება. ამ სიაში უკრაინა ისევ იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებზეც უწყება პირველი რიგის დაკვირვებას ახდენს.
სხვა ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ჩამონათვალში აღმოჩნდნენ, არიან: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ვენესუელა, ტაილანდი, ალჟირი, არგენტინა, ჩილე, ქუვეითი და ინდონეზია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინა რამდენიმე მიზეზით არის პირველი რიგის დაკვირვების ქვეშ.
ერთი მიზეზია – საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის არაგამჭვირვალე ადმინისტრირება;
მეორე – უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებებში პირატული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;
მესამე – ინტერნეტ მეკობრეობის წნააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის არარსებობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის კონგრესს წერილი გაუგზავნა. წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უბაჟო ვაჭრობის ერთ-ერთი პირობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა.
ვარაუდობენ, რომ სავაჭრო პრეფერენციები ჯერჯერობით ოთხი თვით შეჩერდება – ეს ვადა უკრაინას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის ეძლევა.